მართლმსაჯულების ხარისხის გასაუმჯობესებლად საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს, ამისთვის ასოციაციაში, რამდენიმე დღის წინ, სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისია შეიქმნა.
რა კონკრეტული ღონისძიებების გატარებას აპირებს ადვოკატთა კორპუსი, რა მიაჩნიათ მართლმსაჯულების სისტემის ყველაზე დიდ ხარვეზად და რომელი ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას აპირებენ ადვოკატთა ასოციაციაში, _ ამ საკითხებზე „გურია ნიუსი“ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრს, სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისიის თავმჯდომარეს, დავით ასათიანს ესაუბრა.
_ცოტა ხნის წინ გერმანიაში იმყოფებოდით. ხომ არ აპირებს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია გერმანული გამოცდილების გაზიარებას და რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში?
_საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს დელეგაცია ივლისის დასაწყისში ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში ვიმყოფებოდით. კერძოდ, გერმანიის ადვოკატთა ფედერალურ პალატაში, სადაც შევხვდით პალატის პრეზიდენტს, აღმასრულებელ დირექტორს და საერთაშორისო მდივანს. შეხვედრაზე გავეცანით გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის მოწყობას, მათი საქმიანობის წესს, თუ როგორ ახორციელებენ ისინი საადვოკატო საქმიანობის რეგულირებას და იურიდიული პროფესიების განვითარების მხარდაჭერას, როგორ ხდება მათი მხრიდან მნიშვნელოვანი კანონების ლობირება ბუნდესტაგში. ასევე, გავეცანით გერმანიის იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან მათი თანამშრომლობის მოდელს. შეხვედრები გვქონდა გერმანიის იუსტიციის სამინისტროსა და ნოტარიუსთა გაერთიანებასთან. გამოიკვეთა თანამშრომლობის მნიშვნელოვანი კონტურები. მოგეხსნებათ, გერმანია სამოქალქო სამართლის სისტემის ანუ კონტინენტური სამართლის ქვეყანაა. საქართველოს კერძო სამართლის დიდი ნაწილი გერმანელი პროფესორების დახმარებითაა შექმნილი. გვინდა, რომ ჩვენი სამართლის სისტემა იყოს ეფექტური, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები, მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპი კი დაცული. საბოლოო ჯამში კი, ის საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც საერთაშორისო კონვენციებითა და ადამიანის უფლებათა მიერ ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაა დადგენილი მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების კუთხით, ჩვენთანაც ეფექტურად იყოს უზრუნველყოფილი. სწორედ, ამ საკითხებზე და სხვადასხვა ქვეყნის სამართლის კონკურენციის თაობაზე გვქონდა საუბარი გერმანელ კოლეგებთან. შევთანხმდით იმაზე, რომ გავაგრძელებთ აქტიურ მუშაობას გერმანული სამართლის პრინციპების განვითარების თვალსაზრისით საქართველოში. ამ კუთხით, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას ვაპირებთ გერმანელ პარტნიორებთან. მალე ჩავატარებთ კონფერენციას სახელწოდებით – Law made in Germany. ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ, გერმანელ პარტნიორებთან ერთად, უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ნოვაციური პროექტები განახორციელოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების დამკვიდრების პროცესში, მხარეთა საპროცესო უფლებების, სამოქალაქო, კომერციული და სისხლის სამართლის განვითარების თვალსაზრისით.
_ კონკრეტულად, რა ღონისძიებების გატარებას აპირებს ადვოკატთა ასოციაცია?
_ საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია მართლმსაჯულების რეფორმებში არ იყო აქტიურად ჩართული. გვინდა, ეს პოლიტიკა შეიცვალოს. ვფიქრობთ, რომ ადვოკატთა ასოციაცია, როგორც ადვოკატთა ერთიანი და ერთადერთი პროფესიული კორპორაცია აუცილებლად უნდა იყოს განსაკუთრებული მონაწილე ამ რეფორმებში. ამ კუთხით, ადვოკატთა ასოციაციაში შევქმენით სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების რეფორმების კომისია, რომელშიც გამოცდილი ადვოკატები გაერთიანდნენ. კომისია სულ რამდენიმე დღის წინ შეიქმნა და ვაპირებთ, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა ქვეყანაში მიმდინარე მართლმსაჯულების რეფორმის პროცესებში.
_ რომელ რეფორმებში ჩართვას აპირებთ და რა კუთხით? იქნება ეს საკანონმდებლო ინიციატივები თუ სხვა ფორმა?
_ უკვე რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს რეფორმა, სადაც აქტიურად ვმონაწილეობთ. მაგალითად, იუსტიციის სამინისტროს სასამართლო რეფორმის უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ფორმატში. რეფორმა შეეხება მოსამართლეთა უვადო დანიშვნის, პრობაციის ვადის და მათი სამი წლის შემდეგ გადანიშვნის წესსა და კრიტერიუმებს. მეორე მიმართულებაა მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და მათი სხვა სასამართლოში მივლინების საკითხები. მოსამართლეთა მივლინებაა სწორედ ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა მოსამართლეთა დამოუკიდებლობას და ეს ინსტიტუტი საჭიროებს სწორ რეგლამენტაციას. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოწყობის და წევრთა რაოდენობის საკითხებს ეხება, აღნიშნულ რეფორმაში ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად ჩაერთვება. ახლადშექმნილი კომისიის ფარგლებში ეს ძალისხმევა უფრო ეფექტური და სისტემატიზირებულად გახდება. ჩვენ ყველა მნიშვნელოვან და საინტერესო ინიციატივას დავუჭერთ მხარს, რომელიც სასამართლო ხელისუფლების, იუსტიციის სამინისტროს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იქნება წამოწყებული, რადგანაც ჩვენ ადვოკატები სრულად ვაცნობიერებთ იმას, რომ გარდა ჩვენი კლიენტების უფლებების დაცვასა და წარმოდგენასთა ერთად ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული როლი და ვალდებულება საზოგადოების წინაშე – ქვეყანაში დამკვიდრდეს სამართლის უზენაესობა და ამაღლდეს მართლმსაჯულების ხარისხი.
_რა არის დღევანდელი მართლმსაჯულების ყველაზე დიდი პრობლემა და რა უნდა გაკეთდეს უპირველესად იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება ევროპულ სტანდარტებს დაუახლოვდეს? მით უფრო, რომ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულება ამას გვავალდებულებს კიდეც.
_ ჩემი წარმოდგენით, პირველ ეტაპზე უნდა გაიზარდოს სასამართლოს მიმართ ნდობა საზოგადოებაში და იურიდიულ პროფესიის წარმომადგენლებში, ეს არის ქართული მართლმსაჯულების ყველაზე დიდი გამოწვევა. ეს პრობლემები წარმოიშვა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა არსებობდა შერჩევითი მართლმსაჯულების და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შემთხვევები, რომელიც მრავალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის აქტში აისახა. ისინი ქართულ მართლმსაჯულებას ახასიათებდნენ როგორც ნაკლები დამოუკიდებლობის მქონე სისტემას, სადაც ადგილი ჰქონდა პოლიტიკურად მოტივირებულ და შერჩევით გადაწყვეტილებებს. ეს, ნდობის თვალსაზრისით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. პირველ რიგში, სასამართლომ სწორედ ნდობა უნდა აიმაღლოს საზოგადოებაში. ამის ერთ-ერთი გზა არის ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერება სასამართლო სისტემაში. საკანონმდებლო და პრაქტიკის დონეზე უნდა გამოირიცხოს მოსამართლის საქმიანობაში რაიმე კუთხით ჩარევის შესაძლებლობა, როდესაც ის კონკრეტულს საქმეს იხილავს. მოსამართლე უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და თავისუფალი ყველანაირი ზეწოლისაგან, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი. სასამართლო გადაწყვეტილებები თავისუფალი უნდა იყოს ასევე პოლიტიკური, ბიზნეს წრეების, მედია ორგანიზაციების თუ გაბატონებული საზოგადოებრივი აზრის არამართლზომიერი ზეგავლენისაგან.
_ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ იყო საუბრები იმაზე, რომ მოსამართლეებზე და მათ თანაშემწეებზე ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა განხორციელდა. როდის უფრო დამოუკიდებელი იყო სასამართლო – 2003 წლამდე, 2003-დან 2012-მდე თუ ახლა?
_სასამართლო განვითარების ყველა ეტაპს ჰქონდა თავისი მიღწევები და ნაკლოვანებები. ამასთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადება მნიშვნელოვანია. ის, ინფორმაცია რომ გარკვეული ზეწოლის ფაქტები არსებობდა მოსამართლეების თუ სასამართლოს მუშაკების მიმართ ძალიან ყურადსაღებია და აუცილებლად მიმაჩნია, რომ ყველა ეს საქმე მაღალი სტანდარტით უნდა იქნას გამოძიებული და შედეგების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნა გასაჯაროებული. მოსამართლეების ნაწილი, თუ არ ვცდები, გარკვეულ სისხლის სამართლის საქმეებზე მოწმეთაც იყო დაბარებული, დღეს არ ვიცით, რა ბედი ეწია ამ საქმეებს, მოიხსნა თუ არა მათ მიმართ კითხვის ნიშნები? როდესაც მოსამართლეების მიმართ გამოძიება მიმდინარეობს და ეს პროცესი ბუნდოვანია, მათი დამოუკიდებლობა და მიუკერძოებულობა ეჭვქვეშაა, საზოგადოებას აქვს ლეგიტიმური ინტერესი იცოდეს მიმდინარე სისხლისსამართლებრივი პროცედურების გამო კონკრეტული მოსამართლე ხომ არ შეიძლება მოექცეს რაიმე არამაღლზომიერი ზეგავლენის ქვეშ ანდა გახდეს უკანონო მანიპულირების ობიექტი. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით, ბუნებრივად არის პროგრესი, რადგან 2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ სასამართლოსთან მაქსიმალური დისტანცირების პოლიტიკა აირჩია. მაგრამ სასამართლოს და მოსამართლის დამოუკიდებლობა თავისთავად ხარისხიან მართლმსაჯულებას არ ნიშნავს. შესაძლოა, მოსამართლე იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ ხარისხიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება უჭირდეს. ჩვენი მიზანია, რომ ხარისხიან მართლმსაჯულებას მივაღწიოთ საქართველოში და მართლმსაჯულების ადმინისტრირება სწორ პრინციპზე იყოს აგებული. მხოლოდ სასამართლოს დამოუკიდებლობა ამ ხარისხს ვერ აამაღლებს, თუმცა ეს აუცილებელი პირობაა. საჭიროა მოსამართლეთა, ადვოკატთა და პროკურორთა კვალიფიკაციის დონის ამაღლებაც. ამ ერთიანი იურიდიული პროფესიის განვითარების გარეშე მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლება რთული იქნება.
_ ეს ხელისუფლების მუშაობის ხარვეზია?
_ რთულია იმის თქმა ,თუ კონკრეტულად ვისი ხარვეზია, პრობლემა უფრო კომპლექსურია თავისი შინაარსით. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია ,მართლა მიმდინარეობს მოსამართლეთა მიმართ რაიმე გამოძიება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მართლმსაჯულების სისტემის მომხმარებლებს, ადვოკატებს და საზოგადოებას გააჩნიათ კანონიერი ინტერესი, იცოდნენ, რა ბედი ეწია კონკრეტული მოსამართლის მიმართ დაწყებულ გამოძიებას და ხომ არ შეიძლება ამ პროცედურებმა რაიმე გავლენა იქონიას ამ მოსამართლეთა მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებებზე. დღეს ძალიან ბევრი სფერო და სამართლებრივი ინსტიტუტია სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებაში, რაზეც არ არსებობს ჩამოყალიბებული და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა და კონკრეტული სამართლებრივი პრობლემები არ არის ერთგვაროვნად განმარტებული. ამ კუთხით უმნიშვნელოვანესია უზენაესი სასამართლოს როლი, რომელმაც უნდა შეასრულოს დოქტრინალური სასამართლოს ფუნქცია და სწორი და ერთგვაროვანია პრაქტიკა დაამკვიდროს.
_ ხელისუფლების შეცვლის აქტიური საუბარი იყო მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნაზე, თუმცა კომისია არ შეიქმნა. თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელი იყო მსგავსი კომისიის შექმნა სამართლიანობის აღსადგენად?
_ მართლმსაჯულება და სასამართლო ხელისუფლება არსებობს იმისათვის, რომ დაცული იყოს პირის უფლება, ხოლო დარღვეული უფლებები ეფექტურად აღდგეს. თუ ეს ვერ ხორციელდება ეს უკვე ნაკლი და ხარვეზია. შესაბამისად, იყო საქმეები სადაც ეს ვერ იქნა მიღწეული. მიმაჩნია, რომ ადამიანებს უნდა მიეცეთ საშუალება თავიანთი დარღვეული უფლება აღიდგინონ. სახელმწიფო ვალდებულია ეს მექანიზმი შექმნას. იქნება ეს ხარვეზების დამდგენი კომისია თუ სხვა ფორმა, ამას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია, დარღვეული უფლებები აღდგეს. ხარვეზების კომისიის შესახებ ცალკე კანონის მიღება პანაცია არ არის, შესაძლებელია სხვა ალტერნატიული მექანიზმიც განვიხილოთ, მაგალითად, ხანდაზმულობის ვადის ინტიტუტის გადახედვა ანდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის მექანიზმის საპროცესო ცვლილებები და ა.შ. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მექანიზმი უნდა შეიქმნას, და თუ რა ფორმით, ეს უკვე დისკუსიის და იურიდიული საზოგადოების შეთანხმების საკითხია.