ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, ტელეკომპანია GDS-ის მიერ მომზადებული გადაცემა “ბინა 18“-ში ჯგუფი "ბანის" მიერ "შესრულებულ" რაჭულს, უარყოფითი ტენდენციის კულმინაციად აფასებს და განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი პატივს სცემს ადამიანის ღირსებასა და თავისუფლებას, თავისუფალ აზრსა და თავისუფალ მედიას, მაგრამ უკიდურესად შეშფოთებულია და გულისტკივილს გამოთქვამს ბოლო პერიოდში გახშირებული არაეთიკური და არაკორექტული დამოკიდებულების გამო ქართული ფოლკლორის ნიმუშების მიმართ.
ამ უარყოფითი ტენდენციის კულმინაცია იყო ჯგუფ "ბანის" მიერ "შესრულებული" რაჭული სიმღერა და შესრულების ფორმა ქართული ტელეარხის ეთერში.
დაუშვებლად მიგვაჩნია ქართული ხალხური სიმღერის არამიზნობრივად, მერკანტილური, მომხმარებლური მიზნით გამოყენება, ე.წ. "პოპულარობის" მოსაპოვებლად. ეროვნული საუნჯის ხელყოფის უფლება არავის აქვს.
მივმართავთ ფოლკლორულ და შემოქმედებით კოლექტივებს, ასევე სხვა შემსრულებლებს: ნუ გახდით მსოფლიოს მიერ აღიარებულ ქართულ ხალხურ სიმღერას საეჭვო, მდარე ხარისხის ექსპერიმენტების სამიზნედ".