"ხელისუფლება არ თუ აპირებს საკუთარი აქტივისტების კანონის მიხედვით დასჯას, არამედ პრემიერი ღარიბაშვილი, თავად არის ამ ძალადობის წამახალისებელი", _ ასეთი განცხადება გააკეთა რამდენიმე წუთის წინ "ნაციონალური მოძრაობის" სათაო ოფისში, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, თბილისში, ნაძალადევის მე-9 სარჩევნო ოლქში, რომელიც №7 საჯარო სკოლის შენობაშია და სადაც მე-8, მე-9 და მე-10 საარჩევნო უბნებია განთავსებული, "ქართული ოცნების" აქტივისტები, უბნებზე "ოცნების" მაისურით შევიდნენ და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან შენიშვნა მიიღეს.
"მათი ქმედება ვიდეო კამერაზე დაფიქსირდა. ჩაწერა გააპროტესტეს და იმ პირის მიმართ ვინც ჩაწერა განახორციელა, ფიზიკურ ძალადობას მიმართეს, რასაც პატრულის გამოძახება მოჰყვა.
მინდა გავაფრთხილო "ქართული ოცნების" ყველა აქტივისტი, რომელიც საარჩევნო უბნების შესასვლელში დგას და მზადაა, ანალოგიურ ქმედებას მიმართოს: ყველა საარჩევნო უბანზე ვიდეო კამერით ფიქსირდება ყველა დარღვევა", _ განაცხადა ჭიაბერაშვილმა.