ოზურგეთი თვითმმართველი ქალაქი გახდა. მას უკვე ჰყავს ახალი მერი – ბეგლარ სიორიძე. ვინ იქნება ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე და მისი მოადგილე, ეს საკითხი ოფიციალურად ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა ღიად თუ კულუარულად ამაზე უკვე საუბრობენ.
ქალაქის ახალი საკრებულო, 2 აგვისტოს შეიკრიბება. ქალაქის მერია, დროებით მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში განთავსდება.
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარედ, "ქართული ოცნები" წევრი, სიით მესამე ნომერი, გელა კობალაძე გახდება. მის მოადგილედ კი კოალიცია “ქართული ოცნებაში“ შემავალი სუბიექტის, “რესპუბლიკური პარტიის” წევრი, სიით მეორე ნომერი ნინო გოგუაძე იქნება.
"გურია ნიუსი" გელა კობალაძეს დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოზე, მის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა ნამდვილად მიდის.
"როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ნამდვილად არ ვიცი, მსჯელობა მიდის, იმედი მაქვს, რომ დეპუტატების უმრავლესობაც მხარს დამიჭერს", _გვითხრა კობალაძემ.
რესპუბლიკური პარტიის წევრი, ნინო გოგუაძე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა აღნიშნავს, რომ თუ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გელა კობალაძის კანდიდატურა დასახელდება, დარწმუნებულია, რომ მას დაუჭერენ მხარს.
"მხარს მეც და დეპუტატების უმრავლესობა მხარს ბატონ გელა კობალაძის კანდიდატურას დავუჭერთ, ამაში დარწმუნებული ვარ, თუმცა ჯერჯერობით გადაჭით ვერ გეტყვით, ჩემს მოადგილედ დანიშვნასთან დაკავშირებით. ვერც ვუარყოფ და ვერც დავადასტურებ ამ ინფორმაციებს", _გვითხრა ნინო გოგუაძემ.
ვინ იქნება ვიცე მერი?
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა ეს პოსტი "ქართული ოცნების" წევრმა და სიით პირველმა ნომერმა მედეა მახარობლიძემ დაიკავოს, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას არც ოზურგეთის ახალარჩეული მერი ბეგლარ სიორიძე და არც მედეა მახარობლიძე არ ადასტურებენ.
"ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ მაქვს, ვინ იქნება ჩემი მოადგილე, ქალბატონი მედეა მახარობლიძე ქალაქის საკრებულოში შესაბამისი სტატუსით დაინიშნება", _ გვითხრა სიორიძემ.







































































