მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველოში 13 764 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, ყველაზე მეტმა წყვილმა კი ხელი ივნისში მოაწერა.
ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, ქორწინების რეგისტრაციის კუთხით, 2014 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში, ლიდერი ქალაქებია თბილისი – 5 306 წყვილი, ბათუმი – 1 267 და ქუთაისი – 1 163 წყვილი.
სააგენტოს ინფორმაციით, დაქორწინების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს საზღვარგარეთ ყოფნის შემთხვევაში, ქორწინების რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანა ასევე შეუძლიათ საზღვარგარეთ საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებებში.
მიმდინარე წლის ექვს თვეში ყველაზე მეტმა – 19 წყვილმა ესპანეთში მოეწერა ხელი, აქედან 13 წყვილის ქორწინების რეგისტრაცია ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში გაფორმდა, ხოლო ექვსი წყვილის რეგისტრაცია მადრიდში საქართველოს საელჩოში განხორციელდა. გარდა ამისა, ლიდერ ქვეყნებს შორის არის იტალიაც. რომში საქართველოს საელჩოს დაქორწინების მსურველმა 12–მა წყვილმა მიმართა.
საქართველოში 2014 წლის სტატისტიკის მიხედვით, ქორწინების საშუალო ასაკი ქალბატონებში 28 წელი, ხოლო მამაკაცებში 31 წელი იყო. რაც შეეხება, წყვილებს შორის ასაკობრივ სხვაობას, 6 თვეში დაქორწინებულთა შორის, 78.71 % (10 833) შემთხვევაში მამაკაცი ქალბატონზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო 21.28 % (2 929) შემთხვევაში ქალბატონის ასაკი სჭარბობდა მეუღლის წლოვანებას. ასევე დაქორწინდა ორი წყვილი, რომელთა ასაკიც იდენტური იყო.
ცნობისთვის, საქართველოში ქორწინების რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს ქორწინების სახლებში, სააგენტოს ნებისმიერ ფილიალსა თუ იუსტიციის სახლებში.
გარდა ამისა, ქორწინება ასევე შესაძლებელია სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის შენობის გარეთაც.
სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და იუსტიციის სახლებში ქორწინების რეგისტრაცია უფასოა. თუმცა, თუ წყვილს ქორწინების რეგისტრაცია სურს საზეიმო–სარიტუალო მომსახურებით, საფასურები შემდეგია: ქორწინების სახლებში: შაბათ-კვირას – 150 ლარი, სხვა დღეებში – 90 ლარი; სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების შენობის გარეთ – 170 ლარი.
ცნობისთვის, საქართველოში ფუნქციონირებს ათი ქორწინების სახლი, რომელთაგანაც ერთ–ერთი – სიღნაღის ქორწინების სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.
მიმდინარე წელს, ქალაქ სიღნაღის ქორწინების სახლში 216–მა წყვილმა იქორწინა, ამათგან 30 წყვილის ქორწინების რეგისტრაცია 00.00 საათიდან 06:00–საათამდე დარეგისტრირდა.
გასული წლების სტატისტიკა: სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, გასულ წელს 34 394 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, 2012 წელს – 29 932 წყვილის, 2011 წელს – 30 861, 2010 წელს – 34 449, 2009 – 31 796 წყვილის ქორწინება დარეგისტრირდა, ხოლო 2008 წელს 24 696 წყვილმა მოაწერა ხელი.
რაც შეეხება, ასაკობრივ ჯგუფებს, სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე ხშირად 20-25 წლამდე ქალბატონები იგივე ასაკობრივი ჯგუფის მამაკაცებზე ქორწინდებიან, თითქმის იმავე ინტენსივობით 20-დან 25 წლამდე ქალბატონები მეუღლედ 25-დან 30 წლამდე მამაკაცს ირჩევენ და ხშირად 25-დან 30 წლამდე ქალბატონები იმავე ასაკის მამაკაცებზე ქორწინდებიან.


































































