ლანჩხუთის საკრებულოს სხდომის დასასრულს, ქალბატონმა ირინა დოროხოვამ ახალარჩეულ თავმჯდომარეს, გოგი ხელაძეს მიმართა.
"ბატონო თავმჯდომარე, მე დიდი ხანია ვარ საჯარო მოხელე. პირველ რიგში გილოცავ დღევანდელ დღეს და ვიმედოვნებ, რომ ამ დღეს მართლა დაიწყება ლანჩხუთში კანონიერება და სამართლიანობის აღდგენა. მე ვარ პიროვნება, რომელმაც საკუთარ თავზე, საკუთარ მხრებზე გადავიტანე წინა ხელისუფლების ყველა უსამართლობა. თავს არ შეგაწყენთ, არ მინდა პიროვნული შეურაცხყოფა, მაგრამ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც დღეს კანონიერებაზე ლაპარაკობს და რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის ჩემთვის სიტყვა -კანონი ამოღებულიყო.
ვიყავი ლანჩხუთის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი 2006 წლიდან 2008 წლამდე. ბატონი გიორგი გოგუაძე იმ დროს იყოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი და ახლა არის ახალმოწვეული საკრებულოს დეპუტატი. სწორედ, გიორგი გოგუაძემ დამიძახა მის კაბინეტში და მითხრა, დამეწერა განცხადება და წავსულიყავი ოლქიდან, მდივნობაზე უარი მეთქვა.
ბატონო თავმჯდომარევ, დღეს თქვენ უნდა დაიწყო სამართლიანობის აღდგენა მოგწონთ ეს თუ არა. იმიტომ, რომ მე თქვენი ამომრჩეველი ვარ და ვითხოვ სამართლიანობის აღდგენას. ეს განცხადება არ გავაკეთე საარჩევნო პერიოდში, რადგან ხელი არ შემეშალა პროცესებისთვის. ახლა ვაცხადებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, ყველამ გაიგოს თუ რა მოხდა 2008 წელს და რატომ გამათავისუფლეს. თუ არ დაიცავთ ჩემს უფლებებს გამოდის, თქვენ მაშინ არავის უფლებებს ვერ დაიცავთ. თქვენ არ იცით, რა ზეწოლა და მუქარები იყო ჩემი მისამართით და ამის შესახებაც აუცილებლად ვიტყვი პრესის წარმომადგენლებთან", _ თქვა ირინა დოროხოვამ.
გიორგი გოგუაძემ, ირინა დოროხოვას განცხადებაზე "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:
"მსგავსი რამ არ ყოფილა. მას შეუძლია შესაბამის სტრუქტურებს მიმართოს", _ თქვა გიორგი გოგუაძემ.


































































