თბილისის მერია, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, თანამშრომლების ნაწილმა მათივე განცხადებების საფუძველზე დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას, "გურია ნიუსთან" საუბრისას მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მარიკა დათუკიშვილი ადასტურებს, თუმცა, დაწერეს თუ არა თანამშრომლებმა უკვე განცხადებები, მან არ იცის.
"მე პირადად, როგორც მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ თანამდებობა დავტოვო, რადგან ახალ ხელმძღვანელობასთან მუშაობას არ ვაპირებ. ასევე მაქვს ინფორმაცია, რომ თანამშრომლების ნაწილს, მსგავსი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, თუმცა, დაწერეს თუ არა მათ განცხადებები, მე არ ვიცი", _ აღნიშნავს დათუკიშვილი.
თბილისის მარიაში თანამშრომელთა მხრიდან თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებების დაწერას არ ადასტურებენ.
როგორც "გურია ნიუსს" მერიის პრეს-სამსახურში განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაცია, რომ თანამშრომლები განცხადებებს წერენ და თანამდებობიდან მიდიან, სიმართლეს არ შეესაბამება.
"ჯერჯერობით არცერთ თანამშრომელს თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება არ დაუწერია. ყველა თანამშრომელი თანამდებობაზე რჩება", _ აცხადებენ პრეს-სამსახურში.
აღსანიშნავია ისიც, რომ "გურია ნიუსის" მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიის აპარატში დასაქმებულებს კონვერტში ჩადებული წერილები მიუვიდათ, სადაც ნათქვამი იყო, რომ არჩევნების შემდეგ, თუ დავით ნარმანია გაიმარჯვებდა, დაკავებულ თანამდებობას ყველა დატოვებდა.
"თანამშრომლები ძალიან განვიცდიდით არჩევნების მეორე ტურს, რადგან ჯერ ისედაც იყო საუბრები, რომ სამსახურებს დაგვატოვებინებდნენ, შემდეგ უკვე კონვერტში ჩადებული შეტყობინებებიც მოგვივიდა, თუმცა გამომგზავნი ვინ არის არ ვიცით. სავარაუდოდ, ეს მმართველი პარტიის მიერ არის გაკეთებული. ეს ეჭვი მას შემდეგაც განგვიმტკიცდა, როდესაც დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ არაკვალიფიციურ კადრებს მერიიდან გაათავისუფლებდა. თუმცა, მე რომ მუშაობას ვიწყებდი, იმდენი ტესტირება და გასაუბრება მაქვს გავლილი, საკუთარ თავს არაკვალიფიციურს და ვიღაცის ხელშეწყობით დასაქმებულს ნამდვილად ვერ ვუწოდებ", _ განუცხადა "გურია ნიუსს" წყარომ, რომლის ვინაობასაც მისივე თხოვნით არ ვასახელებთ.
თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე აცხადებს, რომ მსგავსი ინფორმაცია პირველად ესმის.
"არ ვიცი, რა წერილებზეა საუბარი. მსგავსი რამ პირველად მესმის. მე პირადად არანაირი წერილი არ მიმიღია", _ აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.
"გურია ნიუსი" თბილისის მერ დავით ნარმანიას პრესმდივანსაც დაუკავშირდა, რომელიც მსგავსი წერილების გაგზავნის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს.
"გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება თვითონ აკრიფოს რომელიმე ადამიანმა მსგავსი ტექსტი და გააგზავნოს. თუ რაიმე დოკუმენტს მიიღებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ეს თავად მერიის თანამშრომლების მეირვე იქნება შექმნილი. დავით ნარმანიას მერიასთან არანაირი კავშირი არა აქვს, სანამ ცესკო საბოლოო, შემაჯამებელ ოქმებს გამოაქვეყნებს არანაირი – არც ფორმალური, არც არაფორმალური ურთიერთობა დავით ნარმანიას მერიასთან არა აქვს. იმასაც გამოვრიცხავ, რომ ვინმე ფარულად აგზავნიდეს ამ წერილებს "ქართული ოცნებიდან". იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი დოკუმენტი საჯარო სივრცეში გამოჩნდება, ჩვენ აუცილებლად მივმართავთ საგამოძიებო უწყებებს ამ დოკუმენტის წარმომავლობის დასადგენად", _ აცხადებს მაგდა პოპიაშვილი.
მისივე განმარტებით, მერიის თანამშრომლების გათავისუფლების საკითხს კანონი წყვეტს და არა ერთი რომელიმე პიროვნება.
"მათ გათავისუფლებას ან ახალი თანამშრომლების მიღებას კანონი და ატესტაცია წყვეტს. ასე არ არის, რომ ვიღაც გაუშვა და ახალი მიიღო მის მაგივრად. კანონი წყვეტს ყველაფერს", _ აცხადებს პოპიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ახალმა მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში", არჩევნების მეორე ტურამდე 2 დღით ადრე გამართულ დებატებზე განაცხადა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრები და ყოფილი მაღალჩინოსნები დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭოებში და გაფორმებულები არიან მძღოლებად და დამლაგებლებად.
"დედაქალაქის მერიაში აუცილებლად განხორციელდება სტრუქტურული ოპტიმიზაცია. ეს გულისხმობს ერთი მიმართულებით იმ სტრუქტურების დამატებით შექმნას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პროგრამის უზრუნველყოფისთვის.
არ გამოვრიცხავ, რომ ცალკეული სტრუქტურული ერთეულების შეკვეცა მოგვიწიოს. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ამ სტრუქტურული ოპტიმიზაციის შედეგად არ დაზარალდნენ კვალიფიციური კადრები. ჩვენ შევინარჩუნებთ ყველა კვალიფიციურ კადრს. მაგრამ არსებობს სხვადასხვა სამეთვალყურეო საბჭო, სადაც დასაქმებულები არიან "ნაციონალური მოძრაობის" მომხრეები.
თვეები ისე გადის, რომ ეს ადამიანები არაფერს აკეთებენ. ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი მძღოლად, დამლაგებლად არის გაფორმებული და ათასობით ლარს ღებულობენ შრომის ანაზღაურების სახით. ცალკეული თანამდებობის პირები ერთის ნაცვლად ორ ადგილზე არიან გაფორმებულნი. ასეთი ადამიანების გაშვების შემდეგ მათ ადგილზე შევარჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან გარეთ და არიან კვალიფიცირებულები", _ აღნიშნა ნარმანიამ.

































































