ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ახალი მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე "რესპუბლიკურ პარტიას" კანდიდატურა ჩაუვარდა. ფრაქცია "ქართული ოცნება – რესბუბლიკელების" მიერ დასახელებული კანდიდატი, ირაკლი ახობაძე, ქონების მართვის კომისიის პოსტზე დეპუტატებმა არ აირჩიეს.
აღნიშნული თანამდებობა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილმა კანდიდატმა, მალხაზ ჩხიკვაძემ დაიკავა.
აღსანიშნავია, რომ ჩხიკვაძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრია, თუმცა, საკრებულოში შექმნილმა "რესპუბლიკელების" ფრაქციამ მას ნდობა არ გამოუცხადა.
უნდა ითქვას ისიც, რომ ქონების მართვის კომისიის ასარჩევად მეორე ტურის ჩატარება გახდა საჭირო. პირველ ტურში ახობაძემ და ჩხიკვაძემ თანაბარი _ 19-19 ხმა მიიღეს. განმეორებითი კენჭისყრა, რომელიც 20 წუთის შემდეგ ჩატადა ასეთი შედეგით დასრულდა: ჩხიკვაძე 24 ხმა, ახობაძე 17.
_ ცოტა უცნაურია, როცა 20 წუთში ადამიანი ახერხებს გადაწვეტილების შეცვლას. ეს არ არის დემოკრატია. ეს ძალიან ცუდი ტრადიციაა. მიუხედავად ამისა, მინდა მივულოცო ბატონ მალხაზს და წარმატებები ვუსურვო, _ აღნიშნა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "ქართული ოცნება – რესპუბლიკელების" თავმჯდომარემ გოჩა ჯიქიამ.

































































