ელექტროენერგეტიკის სექტორში ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება დასრულდა, რომელიც, როგორც ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ამბობს, დაბალანსებულია და მომხმარებლის ინტერესებს იცავს.
მისივე თქმით, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა, ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდას არ გამოიწვევს.
"ტარიფის მნიშვნელოვნად გაზრდა ნამდვილად არ მოხდება. ამის გარკვეული წინამონახაზები არსებობს, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზაციის თვალსაზრისით შეიძლება რაღაც კომპონენტები გაიზარდოს, ეს არ ნიშნავს, რომ მთლიანად ტარიფს მნიშვნელოვანი ზრდა ემუქრება", _ განაცხადა მარიამ ვალიშვილმა.
საქართველოს ენერგომარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლ გოჩა შონიას თქმით, იქნება თუ არა ცვლილებები ტარიფებთან დაკავშირებით ჯერ უცნობია.
"ჩვენ ახლა შევიმუშავეთ ახალი წესი ტარიფების დადგენა, შესაბამისად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ ვნახავთ პრაქტიკაში, თუ როგორი იქნება ტარიფები", _ განაცხადა შონიამ.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის ხელმძღვანელ ზურაბ ტყემალაძის თქმით, ახალი მეთოდოლოგიის დანერგვა აპრიორში არ ნიშნავს, რომ ტარიფები გაიზრდება.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გათვალისწინებით მოხდა, რათა გაანგარიშების მეთოდოლოგია ისევე დაიხვეწოს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია.
"ცალსახად იმის თქმა, რომ ახალი სატარიფო მეთოდოლოგიების შემუშავება ტარიფის ზრდას გამოიწვევს, ნამდვილად არ შეიძლება. შემოდის გაანგარიშების ახალი მეთოდი. ამ მეთოდის საფუძველზე გამორიცხული არაფერია, მაგრამ ვვარაუდობ, რომ ამას ტარიფების გაზრდა კი არა, შემცირებაც შეიძლება მოჰყვეს.
ასოცირების ხელშეკრულება არ მოითხოვს, რომ რაღაც უსაშველო მოხდეს. გათვალისწინებულია ისიც, რომ გარკვეულწილად მოხდეს სოციალურად დაუცველი ფენის სუბსიდირება, რათა ტარიფებმა მათზე უარყოფითად არ იმოქმედოს", _ განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.
"ენერგო-პრო ჯორჯიას" გენერალური დირექტორის, ნიკოლაი ნიკოლოვის თქმით, "თუ სახელმწიფოს და კომისიას უნდათ, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება გაუმჯობესდეს, ტარიფები აუცილებლად უნდა გაიზარდოს".
"მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას ახალ ტარიფებთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ახალი ტარიფები ასახავს კომპანიის მოთხოვნილებებს. ჩვენ პოზიტიურად ვუყურებთ ამას. თუ საჭიროა ინვესტიციები, მაშინ, რა თქმა უნდა, ტარიფი უნდა გაიზარდოს."

































































