"პატრიოტთა ალიანსის" ლანჩხუთის გამგებლობის ყოფილმა კანდიდატმა, ბორის ჭყონიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრ გამართა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა ექსესების გარეშე ჩაიარა, მაინც მოხდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.
"მივულოცო მინდა კანდიდატს გამარჯვება. ღმრთის წყალობით ლანჩხუთისთვის იყოს წარმატებული გამგებელი. უბრალოდ, ადამიანებმა გამოხატეს თავისი აზრი, ეს მისასალმებელია და ძალიან კარგია. შეიძლება ითქვას, რომ მშვიდ გარემოში ჩატარდა არჩევნები, მაგრამ ეს ჩატარდა მაქსიმალურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ხარჯზე. მოხდა ამომრჩევლის ჩამოყვანა თურქეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან."
ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე, რამდენად გადამოწმებული ინფორმაციაა, რომ სამთავრობო კანდიდატის მხარემ, ამომრჩეველი ჩამოიყვანა სხვადასხვა ქალაქებიდან, ბორის ჭყონიამ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"გადამოწმებულია. ამის შესახებ თავად ჩამოყვანილი ადამიანების მეზობლებმა გვითხრეს. თანაბარ პირობებში ნამდვილად არ ვიყავი. ერთ მხარეს იყოს სუფთა თამაში და მეორე მხარეს კი სახელმწიფოს მანქანის სერიოზულად გამოყენება. რამდენად მიზანშეწონილია ეს და რამდენად წაადგება ჩვენს რაიონს ამას ჩვენი საზოგადოება დაინახავს", _ თქვა ბორის ჭყონიამ.
მისივე თქმით, ის აგრძელებს პარტიულ საქმიანობას.
"ლანჩხუთში "პატრიოტთა ალიანსის" რაიონული ორგანიზაცია დაფუძნდა და ჩვეულ რიტმში გავაგრძელებ პოლიტიკურ მოღვაწეობას".