რა ხდება გარემოს დაცვის სამინისტროში, რა კორუფციულ გარიგებაზეა საუბარი, ვინ მიმართა სამართალდამცავებს, რატომ დაიბარეს დაკითხვაზე გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნოზაძე და რას ედავება მას შინაგან საქმეთა სამინისტრო?
ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" გარემოს დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა:
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ირაკლი ნოზაძე კომენტარს არ გააკეთებს. სამართალდამცავებისთვის გარემოს დაცვის სამინისტროს არ მიუმართავს. ეს საკითხი შინაგან საქმეთა სამინისტროში გაარკვიეთ."
როგორც "გურია ნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მინისტრის მოადგილე, სამინისტროში არსებულ კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაიკითხა.
"გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლების სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაიკითხა., რაც კორუფციულ სქემებს უკავშირდება."
შეგახსენებთ, რომ გუშინ 8 საათის განმავლობაში ე. წ. "მოდულის" შენობაში დაკითხვაზე იმყოფებოდა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნოზაძე, რომელმაც "მოდულის" შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა:
"სამართალდამცავებს კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით ჰქონდათ კითხვები, რაზეც ამომწურავი პასუხი გავეცი."
თუმცა, ჟურნალისტების კითხვაზე, რა კონკრეტულ საქმეებზე იყო საუბარი არ დაუკონკრეტებია.
ნოზაძის დაკითხვასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მინისტრის მოადგილეს, ხე-ტყის საკითხებსა და ჰესების მშენებლობის თემაზე მომუშავე კომპანიებთან კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ.