დღეს, აბაშის საკრებულოში, საკრებულოს განმეორებითი სხდომა ტარდებოდა, სადაც საკრებულოს თავმჯდომარე უნდა აერჩიათ, მაგრამ სხდომა ისევ ჩაიშალა.
სხდომის დასასწრებად რეგისტრაცია გაიარა 23 დეპუტატმა, კოალიციის დეპუტატები, რომლებმაც 14 ივლისს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს, დღეს არ გამოცხადებულან.
სხდომას "ნაციონალური მოძრაობის" თერთმეტივე და საინიციატივო ჯგუფების დეპუტატები ესწრებოდნენ, მაგრამ შემდეგ სხდომა დატოვეს საკრებულოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, პაატა ქურდოვანიძის მომხრეებმა.
არსებული ინფორმაციით, "ნაციონალები" ქურდოვანიძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდნენ და მას გამსვლელი ხმების რაოდენობა არ უგროვდებოდა.
გამსვლელ 16 ხმას ვერ იღებდა ვერც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი დავით კაჭარავა.
ქვორუმის არ არსებობის გამო, სხდომა ჩაიშალა და აბაშის საკრებულო ისევ თავმჯდომარის გარეშე დარჩა.