უმცირესობის წევრის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ 2013 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი 220 მილიონი ლარით გაირღვა, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ უპასუხა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, 2013 წლის ჯანდაცვის ბიუჯეტი არ გარღვეულა და ნაციონალური მოძრაობა ტყუის.
_ ჯანდაცვის ბიუჯეტი კი არ გაირღვა, არამედ არ მოხდა ამ თანხის სრული ათვისება. ამ ტერმინებს შორის არის მკვეთრი სხვაობა. რა თქმა უნდა, არსებობს კითხვა, რატომ ვერ მოხდა ამ თანხის სრული ათვისება. საქმე იმაშია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დასათვლელად, საწყისად ავიღეთ ის დანახარჯები, რაც განსაზღვრული ჰქონდათ კერძო სადაზღვევო კომპანიებს. აღმოჩნდა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები ხარჯავდნენ გაცილებით იმაზე ნაკლებს, ვიდრე აჩვენებდნენ – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, მომსახურების თვალსაზრისით, იმაზე მეტი გაკეთდა, ვიდრე აქამდე კეთდებოდა. დაიხარჯა იმაზე ნაკლები, ვიდრე იხარჯებოდა და მოხდა ფულის სწორი მართვა.
ჩვენ გავაკეთეთ უფრო მეტი, ნაკლები დანახარჯებით. ნაცმოძრაობის მიზანია, ყველაფერი კარგი ნეგატივში გადაიყვანოს, მათ შორის ყველაზე წარმატებული პროექტიც – საყოველთაო დაზღვევის პროგრამა.
თუ ჯანდაცვის ბიუჯეტში დარჩა აუთვისებელი თანხა, ამის მიზეზიც მათშია. ეს იყო პირველი წელი და ჩვენ ბუნებრივია საწყის თანხად ავიღეთ ის მონაცემები, რასაც ხარჯავდნენ სადაზღვევო კომპანიები წინა ხელისუფლების დროს. აღმოჩნდა, რომ ბიუჯეტის თანხა არა ხალხს, არამედ კორძო ინტერესებს ხმარდებოდა, იფლანგებოდა. ნაციონალური მოძრაობა არ აკონტროლებდა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. დღეს კი აკრიტიკებენ იმ სფეროს, რომელიც ყველაზე წარმატებულია დღეს საქართველოში _ განმარტა დიმიტრი ხუნდაძემ.
ხუნდაძემ ასევე აღნიშნა, რომ სოციალური სტატუსის მინიჭების უსამართლო კრიტერიუმები სამართლიანი კრიტერიუმებით იცვლება.
მისივე განცხადებით, სოციალური სტატუსი წინა ხელისუფლების დროს ძირითადად გაიცემოდა პარტიული მიზნებისთვის.
_ ყოველი არჩევნების დროს, ამ სტატუსის მიმღებთა რაოდენობა საგრძნობლად იზრდებოდა. ეს რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. დიახ, მოხდა მათი გადახედვა და რაოდენობა შემცირდა 14 000 -ით, თუმცა, ბოლო პერიოდში სოციალური სტატუსის მიმღებთა რაოდენობა გაიზარდა 14 700 ოჯახით, _ განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.
_ რაც შეეხება ხალხის წუხილს, რომ ბევრი მათგანი ვერ იღებს ან მოეხსნა ეს სტატუსი, აქაც კიდევ ერთხელ განვმარტავ: სოციალური სტატუსის მინიჭება ხდება სპეციალური პროგრამით, რომელიც გაკეთებულია ყოფილი ხელისუფლების, ნაცმოძრაობის პერიოდში. სოციალური სტატუსის მინიჭება ხდებოდა და დღემდე ხდება იმ კრიტერიუმებით, რომელიც მიუღებელია ჩვენი ხელისუფლებისთვის. მაგალითად, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მაცივარი, მაგრამ შიგ არაფერი ედოს. ეს უსამართლობაა.
თუკი ყოფილი ხელისუფლება წუხს ხალხზე, მაშინ მათ მიეღოთ სპეციალური ზომები და შეეცვალათ ეს უსამართლო კრიტერიუმები. რაც გავაკეთეთ ჩვენ. მიმდინარე წელს, ჯანდაცვის სამინისტრომ თხოვა გაეროს მოსახლეობის ფონდს და ჩატარდა კვლევა, რის მიხედვითაც დგინდება ახალი კრიტერიუმები. სოციალური სტატუსის მინიჭება მოხდება უფრო სამართლიანად და იმედი მაქვს, ამ სტატუსს მიიღებს გაცილებით მეტი ადამიანი – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.