ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენების ფაქტს კოალიცია "ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე:
"კარგია, რომ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენება ახლა მაინც მოხდა. თუმცა, ვთვლი რომ მაინც დაგვიანებულია ეს პროცესი, რადგან წელიწადი და რვა თვე ხელისუფლებამ სრულიად ფუჭად დაკარგა და ამ პერიოდის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სააკაშვილმა კიდევ ბევრი რამ დაუშავა საქართველოს მოსახლეობას. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებულ იქნას აგვისტოს ომი და უპირველეს ყოვლისა სააკაშვილმა პასუხი აგოს 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით. ასევე აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული 2011 წლის 26 მაისის სისხლიანი დარბევა, უამრავი დატერორებული ადამიანის საქმე, უკანონოდ წართმეული ქონების საქმეები და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის საკითხები.
ეს არის უზარმაზარი კომპლექსი, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან სერიოზული ბრალდების საფუძველს იძლევა. მაგრამ სახელმწიფოებრივად ყველაზე მნიშვნელოვანია რომ, უპირველეს ყოვლისა, სწორედ აგვისტოს ომი იქნას გამოძიებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან საუბრის დაწყება.
ბუნებრივია მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჭეშამარიტება დადგინდეს და სამართალმა იზეიმოს. მე პროკურატურას უკვე არაერთი ინფორმაცია მივაწოდე და ახლაც მზად ვარ ხელი შევუწყო გამოძიების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარებას."