თბილისის ყოფილი მერის, ყოფილი მოადგილის, ირაკლი აბესაძის განცხადებით, შსს-ს თანამშრომლებმა გიგი უგულავას სარგებლობაში არსებული პირადი მეილი უკანონოდ გატეხეს.
"ამ პროცესის ფარგლებში, დავით ნარმანიას სახელის გამოყენებით, მერიაში 2014 წლის 29 ივლისს იმყოფებოდნენ გიორგი აჭარიძე და ირაკლი კლდიაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებმაც ისარგებლეს მერიაში არსებული სისტემებით და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი gigiugulava@tbilisi.gov.ge რომლის გამოყენებითაც, ასევე უკანონოდ გატეხეს გიგი უგულავას სარგებლობაში არსებული პირადი მეილი. საიდანაც ასევე უკანონოდ დაეუფლნენ ინფორმაციას. ეს არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, პირადი მიმოწერის საიდუმლოების დარღვევა და ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი კრიმინალური მეთოდებით ხდება პოლიტიკური ოპონენტების დევნა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების შეთითხვნა", _ აცხადებს აბესაძე და დასძენს, რომ აუცილებელია მომხდარზე განმარტება გააკეთოს როგორც შს სამინისტრომ, ასევე დავით ნარმანია.
"დავით ნარმანიამ გააკეთოს განმარტება, იყო თუ არა ის ორგანიზატორი ამ დანაშაულებრივი ქმედების თუ მისი სახელი გამოყენებულ იქნა უბრალოდ ისე, რომ მისთვის არც არავის უცნობებია."
თავად თბილისის მერის, დავით ნარმანიას პრესსამსახურში აღნიშნულს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აბესაძის განცხადება სიცრუეა.
"კატეგორიულად მოვითხოვთ ბატონი აბესაძისგან, ნუ ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ნუ შეჰყავს საზოგადოება შეცდომაში. დავით ნარმანიას წარმომადგენლები გარდამავალ პერიოდში თბილისის მერიის სხვადასხვა სამსახურებიდან იღებენ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას სამსახურების დებულებების, საშტატო რაოდენობების, სამოქმედო გეგმებისა თუ ბიუჯეტის შესრულების შესახებ.
სამწუხაროა, თუ აბესაძემ არ იცის, რომ თბილისის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის უფლება არათუ არჩეულ მერს, არამედ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს", _ აცხადებენ თბილისის მერიის პრესსამსახურში.
იმას, რომ შსს-ს წარმომადგენლებმა მერიაში არსებული სისტემებით ისარგებლეს და უკანონოდ შექმნეს საფოსტო მისამართი gigiugulava@tbilisi.gov.ge რომლის გამოყენებითაც, უკანონოდ გატეხეს გიგი უგულავას პირადი მეილი, „გურია ნიუსთან“ საუბრისას უარყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროც.
უწყების პრესსამსახურში აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფენ. თუმცა, იმყოფებდნენ თუ არა ზემოთ ხსენებულ დროს, სამინისტროს წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიაში, აცხდებენ:
"აბესაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას არ ვადასტურებთ".