დღეს, ზუგდიდში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილ ომის ვეტერანებისთვის, სამედიცინო პროფილაქტიკური-გამოკვლევები მიმდინარეობს.
"მედიკი 2009"-ის შენობაში, 100-მდე ომის ვეტერანი სხვადასხვა ექოსკოპიურ-ლაბორატორიული, თერაპევტის, კარდიოლოგის, ნევროლოგისა და ოფთალმოლოგების გამოკვლევას უფასოდ მიიღებს.
როგორც "გურია ნიუსს" აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, დევნილები ასეთ მომსახურებას ზუგდიდში ხვალ, 3 აგვისტოსაც მიიღებენ. ასეთი სახის ღონისძიება უკვე ჩატარდა ქუთაისში, ბორჯომში, გურჯაანში. მათივე განცხადებით, უფასო გამოკვლევები საქართველოს სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.
"პროგრამა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია-მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცს" შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება.
მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო–პროფილაქტიკური გამოკვლევები კლინიკა "ენმედიცი”-ს მიერ უკვე ჩაუტარდათ თბილისში მცხოვრებ მრავალშვილიან და ომში დაღუპულთა დედებს, აფხაზეთის ომის ვეტერანებს, ქუთაისში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, გურჯაანსა და ბორჯომში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას.
ამჯერად, ორდღიანი სამედიცინო აქცია ომის ვეტერანებისთვის, ზუგდიდში დაიგეგმა. აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკა ,"ენმედიცი"-ს ორგანიზებით უფასო სამედიცინო-გამოკვლევებით ეტაპობრივად საქართველოს სხვა რეგიონში მცხოვრები დევნილებიც ისარგებლებენ."