საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავალებით, დაბა ურეკის სანაპირო ზოლზე დასუფთავების აქცია გაიმართა.
შპს "საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის," გურიის სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრობლებმა აქციაში მონაწილეობა მიიღეს.
"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის" დირექტორი, გიორგი შუხოშვილის თქმით, შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ ურეკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანებთან ჩატარდა დასუფთავების აქცია.
"ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და ხშირად მოხდება დასუფთავების აქცია, რაც არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი. შავი ზღვის სანაპირო ყოველთვის უნდა იყოს დასუფთავებული და მოწესრიგებული. მომავალში დანაგვიანების პრობლემის თავიდან აცილებისა და მოსახლეობის თვითშეგნების ამაღლების მიზნით, ადგილობრივი ხელისუფლება საინფორმაციო ბანერების განთავსებას სანაპირო ზოლზე, კონტროლის გამკაცრებას და საჯარიმო სანქციების აღსრულებას გეგმავს", _ თქვა გიორგი შუხოშვილმა.
აქციაში მონაწილეობა ასევე გურიის გუბერნატორმა, გიორგი ჩხაიძემ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ ჭანუყვაძემ მიიღეს.
გიორგი ჩხაიძე: გურიის გუბერნიის ადმინისტრაცია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ჩავერთეთ ამ აქციაში. ყოველთვის ვეცდებით, რომ აქციაში მივიღოთ მონაწილეობა. ყველას მივმართავ, რომ იქნებ დავიცვათ ჩვენი სანაპირო და დავანაგვიანებთ გარემოს.
მერაბ ჭანუყვაძე: დღევანდელი აქცია არის მაგალითი იმისი, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს განცდა არ დაანაგვიანოს გარემო და სანაპირო ზოლი. ნამდვილად საგანგაშო მდგომარეობა იყო და ერთიანი ძალით დავასუფთავეთ სანაპიროს ერთ-ერთი ზოლი.
აქცია 3 დღის მანძილზე გაგრძელდება.