რამდენიმე საათის წინ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.
_ ჩვენთან შემოვიდა შოკურ მდგომარეობაში. დაახლოებით 2 საათისთვის მოიყვანეს ზოტიყელიდან. რაც შეგვეძლო გავაკეთეთ, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სამედიცინო ცენტრ "ავერსის" კლინიკურმა დირექტორმა დავით მდინარაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2 წლის ბავშვი, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთში ცხოვრობს, ჩოხატაურში მოქმედ კლინიკა "მამქოლში" გუშინ მიიყვანეს:
_ როგორც გვითხრეს სხვა კლინიკაში ჰყავდათ მიყვანილი და მალევე გაწერეს. ვერაფერს გეტყვით დამატებით. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ინტოქსიკაციაა, თუმცა, საბოლოო დასკვნას ექსპერტიზა დადებს, _ გვითხრა მდინარაძემ.
როგორც გავარკვიეთ 2 წლის პატარას სამედიცინო მომსახერება ქეთევან რამიშვილმა გაუწია:
_ კი, გუშინ ნამდვილად მოიყვანეს ჩვენთან. გაუკეთდა გადასხმა და აქედან თავისი ფეხით წავიდა. მშობელს მიცემული ჰქონდა ინსტრუქცია და გაფრთხილება, რომ ბავში დაკვირვების ქვეშ უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც გაირკვა ზოტიყელში წაიყვანეს. მოგეხსენებათ, რომ ზოტიყელი მაღალმთიანი ზონაა, ბახმაროს ზევით მდებარეობს. ბავშვის იქ წაყვანა არ შეიძლებოდა. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ჩვენთან ყველა საჭირო მომსახურება ჩაუტარდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ქეთევან რამიშვილმა.