საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ოზურგეთის რაიონში, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე ბჟუჟამ დააზიანა საავტომობილო გზა, რის გამოც აკრძალულია ავტოსატრანსპორტო მოძრაობა ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთას საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე (სოფ. შემოქმედი). მოძრაობა დასასვებია შემოვლითი გზის საშუალებით.
დღეს დილიდან, ოზურგეთის რაიონში, სტიქიის შედეგად დაზიანებული გზის სავალი ნაწილის აღდგენითი და ნაპირსამაგრი სამუშაოები განახლდა, ადგილზე იმყოფება საპროექტო ორგანიზაციაც, რომელმაც პარალელურ რეჟიმში პროექტირება დაიწყო. ნახევარკილომეტრიანი დაზიანებული გზის მონაკვეთის აღდგენით სამუშაოებს შ.პ.ს. „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი დასავლეთ საქართველოში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. გურიასა და აჭარაში, სტიქიის ზონებში იმყოფებიან დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მონიტორინგს უწევენ სიტუაციას, ასევე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ხორციელდება შესაბამისი სამუშაოები.
უკვე მეოთხე დღეა სტიქიის ზონებში იმყოფებიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვაჟა ფანჩულიძე, ისინი სიტუაციას ადგილზე ეცნობიან, რათა ოპერატიულად მოხდეს ყველა საჭირო რეაგირება.