ოზურგეთის სარაგბო კლუბ „არწივების” ხელმძღვანელად ზურაბ ცინცაძე დაინიშნა – ინფორმაცია ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე ვრცელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ზურაბ ცინცაძეს სარაგბო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და კარგად იცის კლუბის საჭიროებები.
„ზურაბ ცინცაძეს სარაგბო სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მან კარგად იცის კლუბის წინაშე მდგარი გამოწვევები და საჭიროებები.” – თქვა გია ანთაძემ.
ზურაბ ცინცაძის წარდგენის დროს ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით უახლოეს პერიოდში აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რაგბის მოედანი. მსგავსი დაპირება წლების წინათ დაანონსდა, მაგრამ „არწივების” რაგბისტებს რთულ პირობებში უწევდათ ვარჯიში.



































































