აჭარასა და გურიაში სტიქიით მიყენებულ ზიანს მოსახლეობას სახელმწიფო აუნაზღაურებს. შესაბამისი სახსრები ბიუჯეტიდან ზარალის დათვლის შემდეგ გამოიყოფა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნიუ-იორკში ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ მისი დავალებით შექმნილი საგანგებო შტაბი სტიქიის ზონაში 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ინფორმაციას არსებული ვითარების შესახებ მუდმივად აწვდის.
"შტაბის მუშაობაში ჩართული არიან მინისტრები და ადგილზე აკვირდებიან მოვლენებს. ზარალი, რომელიც უკვე მიადგათ აჭარის და გურიის მცხოვრებლებს, დაითვლება და ჩვენ გამოვნახავთ შესაბამის სახსრებს ბიუჯეტში მისი კომპენსირებისთვის", – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი ასევე გამოეხმაურა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიას და აღნიშნა, რომ საქართველოში არავითარი ტრენინგ-ცენტრის შექმნა არ იგეგმება.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით შემოიფარგლება.
"საქართველოს მონაწილეობა კოალიციაში იქნება სიმბოლური. უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შევთანხმდით, რომ საქართველოს კონტრიბუცია ამ კოალიციაში იქნება მხოლოდ ჰუმანიტარული. არავითარი სამხედრო დახმარება არ იგეგმება, არც ერთი სამხედრო არ იქნება წარმოდგენილი", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ასევე შეაფასა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი და აღნიშნა, რომ ნაყოფიერი შეხვედრები გამართა.
"საქართველო ღირსეულად არის წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე. მე ხვალ მექნება ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლა და შევეხები ჩვენთვის საინტერესო ყველა საკითხს. ვიზიტის ფარგლებში მე მქონდა ასევე შეხვედრები ქუვეითის პრემიერთან, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ევროპელ ლიდერებთან, ასევე, საშუალება მქონდა, გავსაუბრებოდი აშშ-ის პრეზიდენტს. მიღების ფარგლებში ვისაუბრეთ ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან ბევრი საინტერესო საკითხი გველოდება წინ", – განაცხადა პრემიერმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved