24 და 29 სექტემბერს მომხდარმა სტიქიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელი შემოქმედი სტიქიის შედეგად ორჯერ დაიტბორა. საჭირო გახდა 10 ოჯახის ევაკუირება. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ დააზიანა გზის სავალი ნაწილი და წყალსადენი მილი, რომლითაც ქალაქი ოზურგეთი სასმელი წყლით მარაგდებოდა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შემოქმედში დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა და სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
"ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა ამ რეგიონისთვის. გურიაში ზარალის დათვლა იწყება. უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც დაადგენს, რა ზიანი მიაყენა უხვმა ნალექმა და მეწყერმა ადგილობრივ მოსახლეობას. აღსანიშნავია ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანი მუშაობა. განსაკუთრებული მადლობა მუნიციპალიტეტის გამგებელ მერაბ ჭანუყვაძეს 24-საათიან რეჟმში მუშაობისთვის, სწრაფი რეაგირებისა და მობილიზებულობისთვის", _ აღნიშნა პრემიერმა.
სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის წელს 40 მილიონი ლარი გამოიყო. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, აღნიშნული თანხის ფარგლებში, 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.
(R)