საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაში ბრალდებული ელმა ზორკანი დეკანოზმა გაბრიელ პაიკიძემ მართლმადიდებლად მონათლა და ნათლობის სახელად თორნიკე უწოდა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, წარმოშობით ქართველი ელმა ზორკანი თურქეთის მოქალაქეა, გვარად ლორთქიფანიძე. რამდენიმე კვირის წინ მან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს განცხადებით მიმართა, სადაც საკუთარ წარმომავლობაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ სურდა დაბრუნებოდა მართლმადიდებლობას, რადგან მისმა წინაპრებმა 1780 წელს იძულებით მიიღეს ისლამი.
მონათლულ ბრალდებულს საჩუქრად უწმინდესისგან გამოგზავნილი ჯვარი და სახარება გადაეცა.
"ჩემი წინაპრები თურქეთში იძულებით გადაასახლეს და გაამუსლიმეს. ისინი, ისევე როგორც ჩემი მშობლები, მუსლიმები იყვნენ, მაგრამ გულში ქრისტიანებად რჩებოდნენ, თუმცა მას ხმამაღლა ვერ ამბობდნენ. სულ მინდოდა მართლმადიდებლად მონათვლა. უფლის მადლით, გავქრისტიანდი და როცა გავთავისუფლდები, ეკლესიაში ჯვარს დავიწერ ჩემს მეუღლეზე, რომელიც შვილს ელოდება", _ განაცხადა ელმა ზორკანმა (თორნიკე ლორთქიფანიძემ).
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოს უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების სისტემაში სხვადასხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის 157 პატიმარი გაქრისტიანდა.
"ის, რომ სხადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების მსჯავრდებულები მართლმადიდებლებად ინათლებიან, საპატრიარქოსა და კათოლიკოს-პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა. რწმენა, ლოცვა და სინანული ადამიანებს ციხეში ყოფნას უადვილებს. მსჯავრდებულებსა და საპატრიარქოს შორის შუამავლი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის სოციალური სამმართველოა. აღსანიშნავია, რომ პატიმართა არცერთი თხოვნა არ რჩება საპატრიარქოს ყურადღების მიღმა", _ განაცხადა ლეილა აფციაურმა.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N8 დაწესებულების ექვს მსჯავრდებულს, რომელთაც შესაბამისი თხოვნით მიმართეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, დღესვე საჩუქრად გადაეცა მისი უწმინდესობის მიერ ნაკუთხი ჯვრები, კელაპტრები და სახარება.