არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებში სამსახურის უფროსების გათავისუფლება გრძელდება. ამჯერად, სამსახურიდან გაუშვეს "უფასო სასადილო მზრუნველობა მოკლებულთათვის" ხელმძღვანელი გელა რიონიძე.
თუ რა დაედო საფუძვლად რიონიძის გათავისუფლებას, ამის გასარკვევად მუნიციპალიტეტის გამგეობის კადრების უფროსს ლევან ჩხაიძეს დავუკავშირდით.
_ ბატონო ლევან, ჩვენი ინფორმაციით, სამსახურიდან გათავისუფლებულია უფასო სასადილოს უფროსი გელა რიონიძე. შეგიძლიათ დაადასტუროთ ეს ფაქტი?
_ დიახ, რიონიძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან და აღარ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას.
_ რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გელა რიონიძეს განცხადება არ დაუწერია სამსახურიდან წასვლაზე. რის საფუძველზე მოხდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება?
_ ამის თქმა არ შემიძლია. შემოდით ოფიციალური განცხადებით და შემდეგ მოგაწვდით ოფიციალურ ინფორმაციასაც.
_ ბატონო ლევან, გვიდასტურებთ, რომ რიონიძე ლოლიტა ურუშაძემ ჩაანაცვლა?
_ კი, ნამდვილად ასეა, _ გვიპასუხა ჩხაიძემ, რომელსაც მიაჩნია, რომ ჟურნალისტებმა კომენტარები წერილობითი მიმართვების საფუძველზე უნდა მიიღონ.