გურიის გუბერნატორი გიორგი ჩხაიძე, თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მალე, გურიაში ქარხნების გახსნას აანონსებდა.
გუბერნატორობის თითქმის ერთი წლის თავზე, მხარის პირველ პირს სწორედ ეს დაპირება შევახსენეთ:
_ ბატონო გიორგი, ქარხნების გახსნას აანონსებდით… ამბობდით, რომ მოსახლეობაც დასაქმდებოდა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციაც გაადვილდებოდა.. მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. დანაპირებს როგორ ასრულებთ?
_ დანაპირებს როგორ ვასრულებ, ეს მოსახლეობამ უნდა შეაფასოს. გურიაში ორი ახალი საწარმო იხსნება. პროექტი უკვე არსებობს, შეთანხმება მიღწეულია, ხელშეკრულება ხელმოწერილია და დაფინანსებულია. ჩოხატაურში ასკანელი ძმები ხილის გადამამუშავებელ საწარმოს აშენებენ, სადაც ხილ-ფაფები დამზადდება. ოზურგეთში კი უვარგისი ხილიდან ხილის სპირტის დამამზადებელი საწარმო შენდება. ორივე პროექტი 3-დან 5 ათას ტონამდე გადასამუშავებელ ხილზეა გათვლილი, რაც გურიის რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ციფრია.
ასევე დავიწყეთ მუშაობა მესამე პროექტზე და ინვესტორთანაც მივაღწიეთ შეთანხმებას. საუბარია ციტრუსის პლანტაციების გაშენებაზე, სადაც, როგორც მინიმუმ, 4 მილიონი ლარის ინვესტიცია იდება პირველ ეტაპზე. ამას ემატება გადამამუშავებელი წარმოება. აქ, სულ მცირე, 200 ადამიანი დასაქმდება. ამის გარდა, ვამუშავებთ ორ პროექტს _ ხილისგან ჩირის დამზადება და თაფლის წარმოება. უფრო რომ განვმარტო, გუბერნია დებს ბიზნესპროექტს და ამის შემდეგ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ინვესტორებთან. ჩირის შემთხვევაში, დაახლოებით ერთ თვეში გვექნება მწარმოებლებისგან მიღებული სრული პაკეტი. რამდენიმე პირი ამ საკითხით დაინტერესებულია. მეორე პროექტი, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩოხატაურისთვის იქნება, რადგან აქ თაფლის წარმოება განვითარებულია. ვფიქრობთ, დავნერგოთ ის სტანდარტი, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ მოხსნის იმ პრობლემებს, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში თაფლის იმპორტს ახლავს, _ აღნიშნა გიორგი ჩხაიძემ.