სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავისი პირველი მოადგილე კახი კახიშვილი წარადგინა.
"დღეს ჩვენ წარმოგიდგინეთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნდამენტური რეფორმის ახალი პროექტი, ახლა კი წარმოგიდგენთ ჩემს პირველ მოადგილეს ბატონ კახი კახიშვილს. მას ჩვენ ვიცნობთ როგორც წარმატებულ ექსპერტს. მას აქვს მკაფიო ხედვა როგორი უნდა იყოს სასჯელარსრულების სისტემის რეფორმა. მოხარული ვარ, რომ სამინისტროს ამ გარდამტეხ მომენტში კახა ჩვენს გვერდით არის. მინდა წარმატება ვუსურვო იმ საინტერესო პროცესში, რომელსაც ერთად განვახორციელებთ“, _ აღნიშნა მღებრიშვილმა.
კახი კახიშვილმა მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ სასჯელაღსრულების სისტემა უძიმესი სფეროა, თუმცა დაგეგმილი რეფორმის წარმატებით განხორციელების იმედი აქვს.
"დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც ჩემს მიმართ გამოხატეთ. რეალურად ეს არის უმძიმესი სფერო. ერთი პერიოდი დეპრესიაშიც კი ვიყავი, სანამ გადაწყვეტილება მივიღე აქ მოსვლის თაობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, ვიფიქრე, რომ თუ შენ არ შეიტანე შენი წვლილი რაღაც რეფორმაში, მხოლოდ საუბარი დიდხანს ვერ გაგრძელდება. რა თქმა უნდა, იქ უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს და ამ სამინისტროს ეფექტურად ვაკრიტიკებდი, ამიტომ რასაც იქ ვაკრიტიკებდი, მინდა, რომ მინისტრთან და მთავრობის გუნდთან ერთად განვახორციელოთ; ერთხელ და სამუდამოდ მივიღოთ ევროპული ტიპის სამინისტრო და პრობაციის სამსახური. ძირითადად, ის სისტემა, რაც დღეს, კომუნისტურ პერიოდზეა აწყობილი. სამწუხაროდ, მისი ადაპტაცია და ევროპულ სტანდარტამდე მოყვანა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხდა. ბატონმა მინისტრმა და პრემიერმა დაგეგმეს ეს რეფორმა და მე პატივი მერგო, რომ მის განხორიელებაში ჩემი წვლილი შემეტენა. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე თანამდებობაა. რომ მომილოცეს, ვიფიქრე რომ მოლოცვაზე მეტად ეს გასაზიარებელია. არის რაღაც მომენტი ცხოვრებაში, რომ ნაბიჯი უნდა გადადგა. ვფიქრობ, თანამდებობა დროებითია, მაგრამ მინისტრთან, პრემიერთან და გუნდთან ერთად დავტოვებთ იმ კვალს, რომელიც ქვეყანას დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება – ქართული, ევროპული ტიპის პენიტენციალური სისტემა. იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდება“, _ აღნიშნა კახიშვილმა.