"ეს არის პირველი მასშტაბური კონკურსი, რომელიც ჯეპრამ ჩაატარა და შედეგებით კმაყოფილი ვართ. მომავალში ჩვენ კიდევ ვაპირებთ მსგავსი კონკურსი შევთავაზოთ დიზაინერებს. ამ ეტაპზე იყო ზღაპარი, რადგან, ზღაპარი, ეს ის სივრცეა, სადაც სიკეთე ბოროტებას ამარცხებს და დასასრული ტკბილია.
ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. ბავშვობა – პერიოდი, როცა გვჯერა, ვითხოვთ ზღაპრის წაკითხვას, როცა გვიხარია და გვიყვარს, როცა ვუსმენთ და ტკბილად გვეძინება. "ჯეპრას" სახელით მადლობას ვუხდი ყველა მონაწილეს. ბარბარეს, ეთოს და ზურას კი წარმატებას ვუსურვებ ფინალში, "- განმარტავს ჯეპრას პრომოუშენ მენეჯერი, ხატია ალფაიძე.
21 ოქტომბერს, "პროსპეროს ბუქსში" "ჯეპრას" მიერ გამოცხადებული კონკურსის, ზღაპრის ილუსტრაციების შექმნის მეორე ეტაპი გაიმართა.
შემოსული 29 ნამუშევრიდან ჟიურიმ 3 ფინალისტი: ბარბარე მაჭავარიანი, ეთო გზირიშვილი და ზურაბ მარხვაშვილი შეარჩია.
კონფიდენციალობის დაცვის მიზნით, ჟიურის წევრებს ნამუშევრები დანომრილი ფორმით, ავტორის სახელისა და გვარის გარეშე გადაეცათ.
ნამუშევრები ჟიურის წევრებმა გია გუგუშვილმა, თამაზ ვარვარიძემ, გოგა ჩანადირმა, ეკატერინე ჟვანიამ და სოსო გალუმაშვილმა განიხილეს.
შეგახსენებთ, რომ პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია ჯეპრამ, დიზაინერებისთვის კონკურსი ზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ ილუსტრაციების შექმნაზე სექტემბერში გამოაცხადა. კონკურსი 2 ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს აღნიშნული ზღაპრის ნებისმიერი სცენიდან ილუსტრაციის გამოგზავნა ევალებოდათ.
სამიდან ერთ საუკეთესოს ჯეპრა საჩუქრად, A3 ზომის Wacom-ის სახატავ პლანშეტს გადასცემს.
გარდა ამისა, გამარჯვებულის ილუსტრაციებით დაიბეჭდება წიგნი, მცირე ტირაჟით.
დაჯილდოების ცერემონიალი 10 ნოემბერს გაიმართება. კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა საჩუქარი და ამავე დროს ყველა შემოსული ნამუშევრის გამოფენა გაიმართება.