უკვე მეორე წელია, ინფრასტრუქტურული ობიექტების დროულად ჩაბარების პრობლემა აქტუალურ თემად იქცა.
შარშან, ლანჩხუთში, ფირმა "ტერექსმა" ვერ შეასრულა დაკისრებული მოვალეობა და მისი გასაკეთებელი საქმე წელს სხვამ გააკეთა. მაშინ ყველაზე მეტი პრობლემა თამარ მეფის ქუჩის მოსახლეობას შეექმნა _ ისინი ერთი წლის განმავლობაში გაგებით ეკიდებოდნენ გადათხრილი ქუჩისა და სანიაღვრე არხების არსებობას.
თუმცა, იგივე მეორდება წელსაც _ ფირმა "ჯიაიდიმ" რამდენიმე ქუჩის რეაბილიტაციის ტენდერი მოიგო, რომლის საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფირმამ დაწყებული სამუშაოები ბოლომდე ვერ მიიყვანა _ "ჯიაიდის" კიდევ 789 100 ლარის სამუშაოები დარჩა შესასრულებელი.
როგორც გაირკვა, სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, "ჯიაიდის" ხელშეკრულება გაუუქმეს. როგორც მუნიციპალური შესყიდვების განყოფილების უფროსმა მაია აფხაზავამ გვითხრა, რადგან ტენდერის ხელახალი ჩატარება დროს მოითხოვს, სამუშაოები კი დროულადაა დასამთავრებელი, ამიტომ მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, თუ რა სახით უნდა დაიდოს ხელახალი ხელშეკრულება სხვა ფირმასთან. საქმე დღე-დღეზე გადაწყდება და ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება.
ამასობაში კი მოსახლეობას სიმინდისა და ჩალის სახლში შეტანა თავსატეხად ექცა:
_ მოსავალი შუა ქუჩაში გვიყრია, მისი დაბინავება პრობლემად გვექცა. რომ გაწვიმდეს, მთელი წლის შრომა წყალში ჩაგვეყრება, _ გულისტკივილს გამოხატავს მოსახლეობა, რომელსაც თავად უწევს პრობლემებთან გამკლავება.