კითხვა: თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ, "კარმიდამო ჩემი" განსაკუთრებით მიყვარს. წავიკითხე კალმახა სოკოს შესახებ. დავთესე ხის მორებზე და მითითებული მეთოდით ვუვლიდი. შესანიშნავი მოსავალი მივიღე.
მაინტერესებს, ზამთრის პერიოდშიც იგივე მეთოდით უნდა დავთესო სოკო?
იასონ გოგიბერიძე, ჩოხატაური, ქვენობანი
იასონ გოგიბერიძის კითხვაზე პასუხის მისაღებად ჩვენ ვესტუმრეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთში მცხოვრებ როლანდ ქიმუცაძის ოჯახს, სადაც პირველად მოიწიეს კალმახა სოკოს მოსავალი.
ახლა როლანდ ქიმუცაძე ცდილობს, საწარმოო სოკოდ აქციოს ეს ჯიში და მცირე ბიზნესი წამოიწყოს.
ქიმუცაძეებს დღეისთვის ისევ ხის მორებზე აქვთ დათესილი კალმახა და უკვე კრეფენ. სახლთან ახლოს კი აშენებენ მცირე ზომის სათბურს, რომელშიც განთავსდება სოკოიანი მორები. როგორც მათ გვითხრეს, ერთ თვეში მინი-სათბური მზად იქნება. ჯერჯერობით, მშენებლობას მაინც პრიმიტიული სახე აქვს, აქ სპეციალურად განლაგებულ ბოძებზე მოხდება სქელი ცელოფნის ჩამოხურვა, შემდეგ კი შეშის ან ნახერხის ღუმელს დადგამენ.
_ ყოველივე ამას აცივების შემდეგ გავაკეთებთ, ჯერ უნდა გადავხუროთ. ისე კი, ვისაც მორებზე, ღია ცის ქვეშ აქვს დათესილი მიცელიუმი, უმჯობესია, ჯერ იყოს იქ და აცივების შემდეგ, სახელდახელოდ აგებულ სათბურში გადაიტანონ, ან იქვე შემორაგვონ. მე ახლა შესაძლებლობის ფარგლებში ვცდილობ, მცირე ბიზნესი ვაწარმოო. წელს ოზურგეთის ბაზარზე კილოგრამი კალმახა შვიდი ლარი ღირდა. ამ ეტაპზე, მეტი საშუალება არ მაქვს, მერე კი სესხის მეშვეობით მინდა, სამუშაო გავაფართოვო. ყველა დაინტერესებულ პირს ვურჩევ, განსაკუთრებით სოფელში მცხოვრებთ, მორები უხვად გამოიყენონ. სცადონ ზამთრისთვის გადახურვა და შიგ ჰაერის 24-25 გრადუსი სითბოს შენარჩუნება. დღემდე ჩემი შრომით რა შედეგიც მივიღე, იმის თქმა შემიძლია, რომ კალმახა სოკოს მოყვანა ნაკლებად შრომატევადია, შედეგი კი შესანიშნავია, _ ამბობს როლანდ ქიმუცაძე.