ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გახორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, 10 სამსახური შეიქმნა, რომლებშიც ხელმძღვანელ პოსტებზე თანამშრომელთა დანიშვნა დღემდე გრძელდება. ამ ჯერზე, ახალი სამუშაო კვირა გამგეობის ორმა სამსახურმა ახალი უფროსებით დაიწყო.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, თენგიზ ხელაძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურს ხელმძღვანელობდა, ახალ პოსტზე დაინიშნა _ როგორც ჩვენთვის ცნობილია, იგი ამიერიდან ზედამხედველობის სამსახურს უხელმძღვანელებს. აღნიშნული სამსახური რეორგნიზაციამდე აუდიტის სამსახურში განყოფილების სახით იყო წარმოდგენილი და მას ზაალ სანაძე უძღვებოდა, ჩვენთვის, ასევე, ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად დაინიშნა ლევან ჩხაიძე, რომელიც აქამდე ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის, ჩვენ მივმართეთ მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციას, სადაც დაგვიდასტურეს, რომ აღნიშნულ სამსახურებში მართლაც დაინიშნენ სამსახურის უფროსები, თუმცა, კონკრეტულად _ ვინ, ამაზე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლი "მოიშველიეს" და არაფერი გვითხრეს.