გასულ უქმეებზე ლანჩხუთის „გურიამ“ წარმატებული სვლა განაგრძო და კიდევ სამი ქულით გაიზარდა ქულათა მარაგი. შაბათს ლანჩხუთს საკამაოდ ამბიციური ბათუმის „დინამო“ სტუმრობდა და მარცხს ნამდვილად არ გეგმავდა, თუმცა, აშკარად ფორმაში შესულ მეტოქესთან ვერას გახდა.
თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა. განსაკუთრებით, პირველი ტაიმი იყო გამოსარჩევი. თავიდანვე სწრაფი ტემპით დაწყებული ბურთაობა შესვენებამდე არ მინელებულა. დებიუტი სტუმართა აქტიურობით აღინიშნა. ორჯერ გასატანადაც გაიწიეს ზღვისპირელებმა, მაგრამ ამირან მუჯირს აუცდა საჯარიმო, მალავე კი ირაკლი ჩირიკაშვილს, იმ დღეს იუბილარმა დავით მეგრელიშვილმა არ გაატანინა გოლი.
თანდათან გონს მოვიდა „გურია“, სისწრაფეში ტოლი არ დაუდო მეტოქეს და მეტიც, უფრო აგრესიულად და, რაც მთავარია, გონივრულად ათამაშდა. ხიფათიც შექმნა რამდენჯერმე, მაგრამ 32-ე წუთამდე ანგარიში ვერ გახსნა. აქ კი მარცხენაფლანგელმა და საკმაოდ აქტიურმა შოთა მიქაბერიძემ გიგა კვერენჩხილაძესთან კედელი გაითამაშა, საჯარიმოში შეაღწია და მეტოქე მცველს პენალტი დასტყუა. ზედიზედ მესამე მატჩია, პენალტის ნიშნულთან კობა შალამბერიძე რომ მიდის და უნაკლოდ გააქვს.
სხვათა შორის, მიქაბერიძემ ამ გოლამდეც მოახერხა ბათუმელთა კარის ბადის შერხევა, მაგრამ, როგორც ამ შემთხვევაში, ასევე, მეორე ტაიმის დასწყისში, კვერენჩხილაძის გოლი მსაჯმა თამაშგარეს მიზეზით გააუქმა. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ის პირველზე ბევრად ცუდი საცქერი გამოდგა. ეტყობა, მეტოქეს ძალები არ ეყო, პირველი ტაიმის სწრაფ ტემპს შეალიეს და გაცილებით მძიმედ მოძრაობდნენ.
სტუმრები აგებდნენ და, ბუნებრივია, თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ, თუმცა, ხეირიანი ვერაფერი მოიმკეს. მასპინძლები კი იგერიებდნენ უკბილო იერიშებს, მაგრამ წინ წასვლას უფრთხოდნენ და საგოლე შანსი ხეირიანად ვერც კი შექმნეს. ხანდახან შეტევაში გართული მეტოქის კონტრშეტევით დასჯა უპრიანი ჩანდა, მაგრამ ვერც შალამბერიძემ და ვერც კვერენჩხილაძემ ეს ვერ შესძლეს. ტრადიციულად, კარგად ჩაერთო თამაშში ახალგაზრდა ლევან ინგოროყვა. მან მოახერხა თამაშის გამწვავება, ერთ ეპიზოდში ლამაზი ფინტით შეაღწია საჯარიმოში და გასატანადაც ცოტა დააკლდა.
საგულისხმო იყო ის, რომ თემურ ლორიამ ბოლო ოცი წუთი ათამაშა ერეკლე კილაძე, რომელიც თავისი გარდაცვლილი ძმის, ნიკა კილაძის 22 ნომრიანი მაისურით გამოვიდა.
და კიდევ, გაგრძელდა ერთი ტრადიცია _ წინა მატჩში, ქუთაისის „ტორპედოს“ ქომაგებმა, ნიკას ხსოვნის პატივსაცემად ბანერი გადასცეს „გურიას“, ამ ჯერზე კი ბათუმელებმა გამოფინეს ნიკას სურათიანი ბანერი და ნამატჩევს ლანჩხუთში დატოვეს.
„გურიამ“ ამ მართლაც ფასეული მოგებით სატურნირო ცხრილში წინ წაიწია, მეათე ადგილი დატოვა და საჩხერის „ჩიხურასთან“ ერთად VII-VIII ადგილებზე გამაგრდა. თუმცა, ამის შენარჩუნებას როგორ მოახერხებს, ამას ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი (ზუგდიდსა და სამტრედიაში) გვიჩვენებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved