შესყიდვების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა განმარტა, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული უნდა ყოფილიყო პატიმრობა, რათა ამ პირებმა, რომლებიც არიან მაღალი თანამდებობის პირები, ზეგავლენა არ მოახდინონ მოწმეებზე. მისივე თქმით, დაცვის მხარე საზოგადოების დეზინფორმირებას ეწევა, როდესაც აცხადებს, რომ მათ მასალების გაცნობის საშუალება არ მისცეს. წიკლაურის ცნობით, ადვოკატები ორი დღის განმავლობაში მასალების გაცნობაზე უარს თავადვე ამბობდნენ.
გუშინდელ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ადვოკატ ლევან სამუშიას შეფასებით, ეს არის სრულიად არასამართლიანი გადაწყვეტილება. მანვე მიმართა სამართალდამცველ ორგანოებს და აღნიშნა, რომ "ეს საქმე სამარცხვინოა". ადვოკატების განცხადებით, მოსამართლემ დღეს მათ თავისი პოზიციის დაფიქსირების საშუალებაც არ მისცა.