ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ძალიან ბევრი სოციალურად შეჭირვებული ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მათ უმეტესობას სახელმწიფოსგან სოციალური დახმარება ეძლევათ.
ოჯახი, რომელიც "გურია ნიუსმა" მოინახულა, უკიდურესად გაჭირვებულია, ოჯახში ექვსი სული ცხოვრობს, მათ შორის 75 წლის მოხუცი ბიჭიკო ბაბილოძე, რომელიც ლოგინში ჩავარდნილია. ის რვა წელია ბრმაა და ასევე დამბლადაცემული.
როგორც მოხუცებული და ავადმყოფი ბიჭიკო ბაბილოძის მეუღლე დალი მამალაძემ "გურია ნიუსს" უთხრა, ოჯახი ძალიან მძიმე, უკიდურესად კრიზისულ მდგომარეობაშია, უჭირს ფინანსურად, არცერთი არ მუშაობს, ოჯახში არის ასევე ორი მცირეწლოვანი პატარა.
"ყველას გთხოვთ, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, მთელი საქართველოს გააგებინეთ ჩვენი ოჯახის შესახებ. ასეთ მძიმე ავადმყოფს სოციალური დახმარება მოუხსნეს, უკვე სამი თვეა და რატომ არ იკითხავთ? ჩემი ბიჭი თურქეთში გადავიდა სამუშაოდ, ჩაის საკრეფად, რომ მისი შვილებისთვის სასკოლო რაღაცა მიეტანა, ამის გამო სოციალური მოგვიხსნეს. სად ვცხოვრობთ გაგვაგებინეთ, რა ვქნათ, სად წავიდეთ? ახალგაზრდები უმუშევრები არიან, მე მოხუცებული, ავადმყოფი ქალი ვარ, ერთი წლის პენსია წინასწარ მაქვს გამოტანილი, რომელიც წამლებში და სამკურნალოდ დამჭირდა, რა ვუყო ჩემს მოხუცებულ ქმარს, დამბლადაცემულს, ბრმას? მას ხომ სჭირდება წამალი? პატრონობა? რა ვქნათ, ვუყურო როდის ამოხდება სული? ისედაც ძალიან გვიჭირს, დღე და რამე ვტირივართ, იმაზე ფიქრით ხვალ რა ვჭამოთ? წამალი რით ვიყიდოთ? ესაა ცხოვრება?
" მეიმედებით, იქნება და გვიშველოთ. ჩემი შვილი თურქეთში რომ გადავიდა სამუშაოდ, ვინც წაიყვანა ჩაის საკრეფად, იმანაც მოატყუა და ფული არ მისცა, აქეთ სოციალური მოგვიხსნეს. პატრონი არ გვყავს, ნახეთ რა პირობებში ვცხოვრობთ, დაგვეხმარეთ" _ გვითხრა მამალაძემ.
"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში გამგებლის წარმომადგენელს მერაბ სალუქვაძეს, რომელიც აღნიშნავს, რომ ამ ოჯახს მან დახმარება გაუწია.
_ ამ ოჯახში ცხოვრობენ სხვა შრომისუნარიანი წევრები, რძალი ჰყავს, შვილი. ჩვენ დავეხმარეთ ამ ოჯახს – სახურავი დავუხურეთ მთლიანად.
_ ეს ოჯახი იყო სტიქიით დაზარალებულთა სიაშიც, როგორ ფიქრობთ არ ეკუთვნოდათ და ისე დაეხმარეთ?
_ ეკუთვნოდა, რა თქმა უნდა, ისე ჩვენ ვერავის ვერ დავეხმარებით, იყო ნამდვილად სტიქიით დაზარალებული, რაც შეეხება სოციალური კუთხით, ამ ქალის ბიჭი გადავიდა თურქეთში სამუშაოდ, გადალახა საზღვარი და ამის გამო შეუჩერდა დახმარება
მე გავუწიე შუამდგომლობა უშუალოდ მუნიციპალიტეტის გამგებელთან და ერთჯერადად დავეხმარეთ 100 ლარით, რაც შეეხება სოციალურ სამსახურს, მე როგორც ვიცი, ახალ წლამდე არაფერი არ იქნება და ოჯახმა ხელახლა განცხადებით სოციალურ სამსახურს ახალი წლის შემდეგ უნდა მიმართოს.