ქართველები ფეხბურთს კარგად თამაშობენ, მაგრამ მრავალი მათგანი საკუთარ ნიჭს ჰაერს ატანს.
თავის დროზე დიეგო მარადონას ძალიან მოსწონდა გიორგი ქინქლაძის თამაში. ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში არგენტინელი აღნიშნავდა: “ქინქლაძეს შეუძლია გახდეს მსოფლიოს უდიდესი ფეხბურთელთაგანი. ოღონდ ამისთვის ის “მანჩესტერ სიტის” უნდა გამოემშვიდობოს და აუცილებლად იტალიაში წავიდეს. “სიტი” პირველ დივიზიონში გავარდა. ამ დონეზე თამაში კი ქინქლაძეს ძალიან ავნებს”. უცხოური კარიერის დასაწყისში გიორგი გასასინჯად “ბოკა ხუნიორსში” იმყოფებოდა. მარადონამაც ქართველი სწორედ ამ გუნდში იხილა.
კვლავ დიეგოს მოვუსმინოთ: “მერე წავიდა და გადამავიწყდა კიდეც, მაგრამ ცოტა ხანში მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ინგლისში ერთი ბიჭი ვნახე, თამაშით შენ გგავსო. დიახ, ეს ქინქლაძე აღმოჩნდა”. გიოს სათამაშო კლასით პელეც აღფრთოვანებულა და მარადონამ ეს დაუფარავად აღნიშნა “პელემ ერთხელ ნახა ქინქლაძის თამაში და თქვა, რომ ვარსკვლავის დაბადება იხილა. მე მას სრულიად ვეთანხმები. თავის დროზე “რივერ პლეიტსაც” სურდა ქინქლაძის გადმოყვანა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს მას არას არგებდა. ვიმეორებ, ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა შეუძლია, იტალიაა. მე მას ვურჩევ – ახლავე წადი იტალიაში”.
სამწუხაროდ გიორგი ქინქლაძე ინგლისურ „მანჩესტერ სიტიში“ დარჩა. იმ პერიოდში ეს გუნდი მაჩანჩალათა რიცხვში შედიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ ქინქლაძემ საკუთარი ნიჭი გაანიავა და კარიერა საბოლოოდ ყაზანის „რუბინში“ დააასრულა.