ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში ციხის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. დაბა ლაითურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ემზარ ბერიძის თქმით, ციხის მშენებლობა, 3 წლის წინ დაიწყო.
დაბა ლაითურში ციხის მშენებლობის პიარს "ნაციონალური მოძრაობა" წინასაარჩევნოდ აქტიურად ეწეოდა. ყოფილი ხელისუფლება ციხეს მაშინ 5 000 პატიმრისთვის ამზადებდა.
"ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაითურში მკაცრი რეჟიმის ციხე აშენდება," _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" 2013 წელს, სასჯელაღსრულების მაშინდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა უთხრა. მისივე თქმით, ციხე 1600 პატიმარზე იქნებოდა გათვლილი:
_ ლაითურის ციხის მშენებლობა გრძელდება. უბრალოდ, ის არ იქნება 4 300 ან 5 500 პატიმარზე გათვლილი. "ყველანი ციხეში!" _სააკაშვილის ეს პოლიტიკა დასრულდა. სავარაუდოდ, ეს იქნება 1600-კაციანი მკაცრი რეჟიმის ციხე, _ აღნიშნავდა სუბარი "გურია ნიუსთან" საუბრისას.
"გურია ნიუსი" დაინტერესდა, რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე დაბა ლაითურში ციხის მშენებლობაზე. ადგილზე მისულები დაცვამ ეზოში არ შეგვიშვა, მშენებლობაზე პასუხისმგებელმა პირმა ზაზა ჯანაშიამ კატეგორიული უარი გვითხრა კომენტარის გაკეთებაზე და მიგვითითა, რომ 20 მეტრზე ახლოს ფოტოს გადაღება გვეკრძალებოდა.
"გურია ნიუსი" დაბა ლაითურის მცხოვრებლებსაც გაესაუბრა, რომლებიც აცხადებენ, რომ ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ. მათივე თქმით, მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმებულები არ არიან.
გამგებლის წარმომადგენელი დაბა ლაითურში ემზარ ბერიძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს:
_ სამუშაოები რომ აქტიურად მიმდინარეობს, ეს გარედანაც ჩანს და ყველა ხედავს. გარე პერიმეტრის მშენებლობა დასრულებულია, ასევე, მე როგორც მაქვს ინფორმაცია, ადმინისტრაციული შენობაც აშენებულია. ახლა მიდის შიგა სამუშაოები. დანარჩენში არც არავინ ჩაგვახედებს, _ ამბობს ბერიძე და აღნიშნავს, რომ სამუშაოები, 3 წელზე მეტია, რაც მიმდინარეობს და დაახლოებით, ორ წელში უნდა დასრულდეს:
"20 ნოემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში წყლის კოლექტორის პროექტის განხილვა უნდა მოხდეს. 2 180-ტონიანი კოლექტორი აშენდება, რის მშენებლობასაც სასჯელაღსრულების სამინისტრო განახორციელებს. პროექტი გათვლილია 2 000 პატიმარზე და ადმინისტრაციის 500 თანამშრომელზე. 500-ტონიანი წყლის ავზი უკვე გაკეთებულია".
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, გვქონდეს ინფორმაცია საკანალიზაციო სისტემის შესახებ, საპატიმროები, როგორც წესი, დასნებოვნების მაღალ რისკს შეიცავენ.
ემზარ ბერიძის თქმით, დაბა ლაითურში ინფრასტრუქტურისა და სოციალური კუთხით ძალიან მძიმე სიტუაციაა: "ეს ციხე როგორ გააუმჯობესებს ლაითურის ინფრასტრუქტურას, არ ვიცი, ვნახოთ. ჩვენთან გზა არ არის, არც გაზი და არც წყალი გვაქვს. ძალიან უჭირს დაბას", _ ამბობს ემზარ ბერიძე.
"გურია ნიუსი" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასჯელაღსრულების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს თაია მახარაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, პასუხებს კითხვებზე _ როდის დაიწყო მშენებლობა, რა ფაზაშია იგი, რამდენ პატიმარზეა გათვლილი და როდის დასრულდება, ოფიციალური წერილის მიწერის შემდეგ მივიღებდით:
"კითხვები ოფიციალურად მოგვწერეთ სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე და ჩვენც ოფიციალურად მოგაწოდებთ იმ ინფორმაციას, რის მოწოდებაც შეგვიძლია, სხვას ვერაფერს გეტყვით", _ გვითხრა თაია მახარაშვილმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ამბობს, რომ დაბა ლაითურში ციხის მშენებლობასთან დაკავშირებით ვერანაირ კომენტარს ვერ გააკეთებს.