გუშინ რუსულმა ვებ-გვერდმა „Lifenews.ru” სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა. აღმოჩნდა რომ რუსეთის უმაღლეს დივიზიონსა და ევროპის ჩემპიონთა ლიგაში მოასპარეზე კლუბი „ზენიტის“ ფეხბურთელებს რამდენიმე თვეა ხელფასი არ აუღიათ.
რუსი ჟურნალისტების მტკიცებით, მოთამაშეებს კუთვნილი თანხები უკანასკნელად მიმდინარე წლის 11 სექტემბერსა ჩაერიცხათ. ჩვენს ჩრდილოელ კოლეგებთან რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც დაიწუწუნა რომ ელემენტარულად საჭმლის ფული არ გააჩნიათ და ვარჯიშებსა და ოფიციალურ შეხვედრებზე ნახევრად მშივრები გადიან.
რასაკვირველია რუსულ მას-მედიაში ამ „მშიერი“ ფეხბურთელების გვარებს არ ასახელებენ.
გუშინვე ცნობილი გახდა, რომ თუ მდგომარეობა უახლოეს დღეებში არ გამოსწორდება, „ზენიტის“ უცხოელი ლეგიონერები კლუბს დატოვებენ. ამის გაკეთებას გუნდის პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ანდრე ვილაშ-ბოაშიც აპირებს.
ზემოთ დასახელებული ვებ-გვერდი რუსული „ყვითელი მედიის“ ერთ-ერთ ფლაგმანს მიეკუთვნება. ალბათ ძნელია მის მიერ გავრცელებული ცნობის უტყუარობის დაჯერება. ნამდვილად წარმოუდგენელია რომ „გაზპრომის“ მფარველობის ქვეშ მყოფი გუნდის ფეხბურთელებს კვების პრობლემები გააჩნდეთ. თუმცა ფაქტი ერთია. ბოლო პერიოდში, „ზენიტში“ არსებული ფინანსური კრიზისის შესახებ რუსული სპორტული გაზეთები აქტიურად საუბრობენ.