ასეთი კომენტარი გააკეთა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტმა სამინისტროებთან შეთანხმებული რუსეთთან მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორების შესახებ შეთანხმების ვარიანტს მხარი დაუჭირა და მიიღო გადაწყვეტილება, რესპუბლიკის ე. წ. პრეზიდენტს რეკომენდაციით მიმართოს, დოკუმენტს ხელი მოაწეროს.
როგორც ნინო ბურჯანაძე აცხადებს, პრობლემაა ის, რომ ჩვენს ხელისუფლებას ყოველთვის სხვისი იმედი აქვს საკუთარი პრობლემების მოგვარებაში. ეს არის ხან ნატო, ხან ევროკავშირი, ხან აშშ. ახლა ჰქონდა იმედი, რომ აფხაზეთის ხელისუფლება გადადგამდა რაღაც ნაბიჯებს, ხოლო ჩვენი მხრიდან არასოდეს არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადადგმულა, მით უფრო ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემა.
"დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი დაჩქარება ამ პროცესისა პირდაპირ კავშირშია საქართველოს ხელისუფლების გაუაზრებელ პოლიტიკასთან. ჩვენი მთავრობა პატარა ბავშვივით ჩავიდა და იჩივლა ბრიუსელში ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ გაბედა ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც საქართველოს ინტერესების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია, ვერ გაბედა პირდაპირ დალაპარაკებოდა სოხუმის ხელისუფლებას და რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს.
ჩვენ კიდევ უფრო ვშორდებით აფხაზეთსა და სამაჩაბლოს, ყოველდღიურად ვკარგავთ შანსს ამ პრობლემების მოგვარებისა. დღევანდელი ჩვენი ხელისუფლება და საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ბრმად მიყვება რაღაც გაუგებარ ორიენტირებს, ნებსით თუ უნებლიედ ხელს უწყობს იმას, რომ საქართველო კარგავს აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნების შანსს," _ განაცხადა "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა.
ნინო ბურჯანაძის თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა თვითონ გვირჩევს, რომ რუსეთს დაველაპარაკოთ და თავად ელაპარაკება ამ სახელმწიფოს ყველა საკითხთან დაკავშირებით.
"ერთადერთი გამოსავალი ამ მიმართულებით არის ახაზეთთან, სამაჩაბლოსთან და რუსეთთან საუბარი. სხვა შანსი არ არსებობს და ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ. თუ ჩვენ ვართ ერი და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, მაშინ უნდა მივიღოთ ის გადაწყვეტილებები და ვიმოქმედოთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქვეყანას და არა დანარჩენ მსოფლიოს," _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.