"თავისუფალი საქართველო" მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას აფხაზეთის საკითხზე კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით და შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
_ გუშინ სოჭში განვითარებულმა მოვლენებმა, აფხაზეთის დე–ფაქტო ხელისუფლებასთან მოსკოვის მიერ ე.წ. ხელშეკრულების ხელმოწერამ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის სრული უუნარობა საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან მიმართებაში. ყველასათვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთისა და შიდა ქართლის ტერირორიების ოკუპაციის შემდგომ მოსკოვის ნაბიჯი იქნებოდა ქართული ტერიტორიების ანექსია. მიუხედავად ამისა და მოსკოვის მიერ, არაერთგზის გადაკვრით ამის შესახებ საუბრისა (ცნობილია უფრო მეტიც: კარასინმა პირდაპირ უთხრა აბაშიძეს ნატოს სასწავლო ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით პრობლემები შეგექმნებათო) საქართველოს მთავრობას სირაქლემის პოზიცია უკავია და ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის გადაწყვეტის გზების საძიებლად, რაც მისი პირდაპირი და უმთავრესი მოვალეობაა, თავსაც არ იწუხებს. მიუხედავად ”თავისუფალი საქართველოს” არაერთგზის განცხადებისა, რომ დაწყებულიყო კონსულტაციები კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად და კონსულტაციების პროცესში დროებით შეჩერებულიყო, როგორც ნატოს ბაზების საქართველოში განთავსების საკითხი, ასევე რუსულ – აფხაზური შეთანხმების განხილვა, ყურად არ იქნა მიღებული. ამჟამად სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდა. ”თავისუფალი საქართველო” მიესალმება საქართველოს პრეზიდენტის ბატონ გიორგი მარველაშვილის ინიციატივას თბილისსა და მოსკოვს შორის ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად წარმოქმნილი პრობლემების დასაძლევად კონსულტაციების დაწყებასთან დაკავშირებით და აქტიურად მიიღებს ამ პროცესში მონაწილეობას. მოვლენების განვითარების ლოგიკა გვკარნახობს სიტუაციის მკვდარი წერტილიდან დაძვრის აუცილებლობას. სააკაშვილის ე.წ. ”მჩხავანა კატის”, განცხადებების განცხადებებისათვის კეთებისა და სხვისი მოიმედეობის პოლიტიკა უნდა დასრულდეს. ეხლა დაყოვნება დაუშვებელია, ვინაიდან დაყოვნების შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი პრობლემები დაგვატყდება თავს, რისი გამოსწორებაც მომავალში შესაძლოა გადაულახავი ამოცანა აღმოჩნდეს, _ აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.