საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ტრადიციული დაპირისპირებით დაიწყო.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, პაატა ბარათაშვილის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის““15 ნოემბრის აქცია ანექსიის წინააღმდეგ უნდა ყოფილიყო მიმართული, თუმცა, ის ხელისუფლების ქმედებების გმობით გაგრძელდა.
ბარათაშვილმა ოპონენტებს შეახსენა, რომ აფხაზეთის კონფლიქტი წილად ჯერ შევარდნაძისგან, შემდეგ უფრო გართულებული სახით სააკაშვილის ხელისუფლებისგან ხვდათ.
მისივე განცხადებით, ახალი ხელისუფლება დარჩენილი ,,ნაგვის გატანას“ ცდილობს.
"ეს იყო აფხაზეთის თემასთან დაკავშირებული მიტინგი. ეს მემკვიდრეობა ჩვენ ჯერ შევარდნაძისგან, შემდეგ კიდე უფრო გამწვავებული სახით სააკაშვილისგან გვერგო.
დღეს ჩვენ ვცდილობთ, რომ ის ნაგავი რომელიც, ამ საკითხთან დაკავშირებითაა შემოტანილი, გავიტანოთ.
15 ნოემბრის აქციამ, საქართველოს ნაკრების თამაში გამახსენა პოლონეთის ნაკრებთან. განსაკუთრებით მეორე ტაიმი. ისე ცნობისათვის მინდა გითხრათ, რომ მე არ ვიცი ხალხის რაოდენობას რამდენ ნულს მიუმატებთ, მაგრამ ამ რაოდენობის ხალხს, ზვიად გამსახურდია დღის განმავლობაში, სამჯერ მაინც აგროვებდა კინო სახლთან დაუნიშნავ მიტინგზე." _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა პაატა ბარათაშვილმა.
ბარათაშვილის ამ განცხადებას საკმაოდ ემოციურად გამოეხმაურა უმცირესობის დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, რომლის თქმითაც, პაატა ბარათაშვილი ის ადამიანია, რომელიც 90-იან წლებში ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს რუსის გენერალს რომელიც ქართულ ხელისუფლებას სამაჩაბლოს ჰპირდებოდა.
"ბატონი პაატა, ჩემი მეგობარი ბატონი პაატა, გამსახურდიას დროს ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს რუსის გენერალს, რომელიც გვპირდებოდა, რომ სამაჩაბლოში ყველაფერი ისე იქნებოდა როგორც იმჟამინდელი პრეზიდენტი, ანუ ბატონი გამსახურდია იტყოდა და რა თქმა უნდა, ის ისე არ მოხდა. მაშინდელი ოპოზუიცია ბატონ პაატას და მის უმრავლესობას ვეუბნებოდით, მერე შევარდნაძის უმრავლესობას, ახლა თქვენ გეუბნებით, რომ რუსის დაპირების იმედად ყოფნა არ შეიძლება.
მაგრამ ამისი არც ბატონ პაატას სჯეროდა არც შევარდნაძის უმრავლესობას და სამწუხაროდ არც დღევანდელ უმრავლესობას." _ ასე უპასუხა ოპონენტ გამომსვლეს აკაკი ბობოხიძემ.