ბრიტანულ მას-მედიაში გუშინ ერთი ინფორმაცია გავრცელდა. პოპულარულ ინგლისელ სოულის სტილით მომღერალ ადელს, ექიმებმა ერთი თვის განმავლობაში სიმღერა სასტიკად აუკრძალეს.
წინა თვეს 26 წლის მუსიკოსმა მწვავე ლარინგიტი გადაიტანა. ამ მიზეზის გამო აშშ-ში დაგეგმილი საკონცერტო ტურნეს გაუქმება მოუწია.
ექიმების მკაცრი ვერდიქტით, ადელმა საკუთარი ყელი ერთი თვის განმავლობაში აუცილებლად უნდა დაასვენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომღერლის კარიერაზე უარის თქმა მოუწევს. ამის გარდა, ადელი ნიკოტინის აქტიური მომხმარებელი ყოფილა და ამ მავნე ჩვევამ მის საერთო ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა.
“ექიმების მითითებას თუ არ დაემორჩილება, ადელის მომავალი კარიერა საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. უახლოესი ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი ყველა კონცერტი გავაუქმეთ. – განაცხადა მომღერლის პროდიუსერმა ჰილარი ჯონსმა.
ადელი (ნამდვილი სახელი ადელ ედკინსი) 1988 წელს, ლონდონის ენფილდის რაიონში დაიბადა. სადებიუტო ალბომი “19” 2008 წლის 28 იანვარს გამოუშვა. ამ დღიდან მომღერალმა უსაზღვრო პოპულარობას მიაღწია. ის დასახელდა სოულის ერთ-ერთ საუკეთესო შემსრულებლად დიდ ბრიტანეთში. ინგლისელი მუსიკალური კრიტიკოსების აზრით, ადელი სახელოვანი ეტა ჯეიმსისა და დასტი სპრინგფილდის ტრადიციებს აგრძელებს.