ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად 560 ადამიანი იბრძვის.
საკონკურსო/საატესტატო კომისიის ინფორმაციით, 67 ვაკანსიაზე 560 განცხადებაა შესული. აქედან, 500 განაცხადი გამგეობის მიერ გამოცხადებულ ვაკანტურ ადგილებზეა, 60 კი _ საკრებულოში.
კომისიის წევრის, მარინე ბერაძის ინფორმაციით შემოსული განცხადებებიდან 61 კონკურსანტს ხარვეზი დაუდგინდა და კომისიამ ამ ხარვეზის გამოსასწორებლად მათ ერთდღიანი ვადა მისცა:
_ გამგეობის ვაკანსიაზე შემოსული განცხადებებიდან 47-ს ჰქონდა ხარვეზი, საკრებულოს ვაკანსიაზე შემოსული განცხადებებიდან კი _ 14-ს. ყველა მათგანს ხარვეზის გამოსასწორებლად ერთდღიანი ვადა მივეცით, _ აღნიშნა ბერაძემ.
ვაკანტური ადგილების დასაკავებლად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კონკურსი 13 და 14 დეკემბერს გაიმართება. კონკურსანტებს გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შედგენილი ტესტების ჩაბარება მოუწევთ. ტესტი ორი ნაწილისაგან შედგება: პირველი ნაწილი მიმართულია მონაწილის ცოდნის შესაფასებლად, ხოლო მეორე ნაწილი ემსახურება უნარ-ჩვევების დადგენას.
ჯერჯერობით, უცნობია, მოხდება თუ არა ტესტირების და გასაუბრების პროცესის ვიდეოგადაღება. მარინე ბერაძე ამბობს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას კომისია მიიღებს.
კომისიას ჩოხატაურის გამგებლის მოადგილე მინდია ჟღერია ხელმძღვანელობს.
კომისიის შემადგენლობა ასე გამოიყურება: თეა უჯმაჯურიძე, გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; მარინე ბერაძე, საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე, კომისიის წევრი; ანი ჩუბინიძე, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, კომისიის წევრი; მაგული კუნჭულია, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კომისიის წევრი.
რაც შეეხება დამკვირვებლებს, კომისიის წევრების ინფორმაციით, ეს საკითხიც კომისიამ უნდა განიხილოს მას შემდეგ, რაც კონკურსის მიმდინარეობის დაკვირვების სურვილით კომისიას განცხადებით შესაბამისი ორგანიზაციები მიმართავენ.