მთავრობა შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების ბლოკის გამოყოფაზე მსჯელობას გახსნილად აცხადებს. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება იყო და ის აუცილებლად შესრულდება.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიმართა არასამთავრობო სექტორს, პარლამენტს, ქართველ და უცხოელ ექსპერტებს – ჩაერთონ მსჯელობაში, რომელიც იქნება აბსოლუტურად გამჭვირვალე და ღია და რომლის მიზანიც იქნება შემუშავდეს მაქსიმალურად კომფორტული მოდელი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ორი სისტემის განცალკევება.
"მე უკვე დავავალე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ახალ მდივანს, რომ სასწრაფოდ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩაერთვება პარლამენტი, არასამთავრობო სექტორი, მოვიწვევთ უცხოელ და ადგილობრივ სპეციალისტებს, რა თქმა უნდა მთავრობა იქნება ჩართული ამაში და დაიწყება მსჯელობა თუ რა ფორმით უნდა მოხდეს რეფორმა," – აღნიშნა პრემიერმა.
პრემიერის თქმით, ეს ძლიან სენსიტიური საკითხია და მას სრულყოფილად მოფიქრება და დამუშავება სჭირდება.
„შეიძლება უსაფრთხოების ბლოკი გამოეყოს ცალკე სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს სახით, სადაც სპეცსამსახურები შევლენ და ცალკე იქნება პოლიციური დანაყოფები. ეს არის იდეის დონეზე და ახლა ამას სჭირდება კარგი დაგეგმარება,“ – დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.