ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბოლო სხდომაზე ნიგვზიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარმა დეპუტატმა და, ამავდროულად, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ ბესიკ ტაბიძემ, სოფელ ხაჯალიის სააღმზრდელო ჯგუფის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება. ეს ჯგუფი ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაიხსნა და ვინაიდან სოფელს კაპიტალური შენობა არ გააჩნდა, ერთ-ერთ კერძო სახლში განთავსდა. მაშინ, ასე სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღება, ბევრმა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვა, რადგან ამ ჯგუფის გახსნის ფინანსური რესურსი არ არსებობდა და სააღმზრდელო ცენტრს შიდა რესურსებით მოუხდა პრობლემის მოგვარება.
_ ხაჯალიის ბაღში, დღესდღეობით, 35 ბავშვი ირიცხება და ერთ ამდენს კიდევ აქვს სურვილი, მაგრამ მათი დაკმაყოფილება, მიზეზთა გამო, ვერ ხერხდება. სახლი, სადაც განთავსებული არიან ეს ბავშვები, სულ მალე გაიყიდება და ისე არ გამოვიდეს, რომ ვინმეს ვათქმევინოთ, მხოლოდ წინასაარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა ეს ყველაფერიო. ახალი შენობაა მოსაძებნი და რაც შეიძლება, მალე, _ თქვა მაჟორიტარმა დეპუტატმა.