უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებით, მისი პირველი მოადგილე საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, ეკა ზღულაძე გახდება.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც ავაკოვმა სოციალურ ქსელებში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობის მიღების თხოვნით შესაბამის უწყებას უკვე მიმართა.
“ხელი მოვაწერე უწყისს უკრაინის პრეზიდენტის სახელზე, რომ უკრაინის მოქალაქეობა მიენიჭოს ეკატერინე ზღულაძეს. ორშაბათს, შესრულდება საბოლოო ფორმალობა – მოვაწერ ხელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ ეკატერინე ზღულაძის დანიშვნის შესახებ ბრძანებულებას”,-აცხადებს ავაკოვი.
ცნობისათვის, უკრაინის მთავრობაში ზღულაძე საქართველოს პირველი წარმომადგენელი არ იქნება. 2 დეკემბერს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად თსუ-ს ყოფილი რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი დაინიშნა. კვიტაშვილმა თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელი უკრაინის მოქალაქეობა, საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმის შემდეგ მიიღო.