თბილისის №8 საპყრობილეს, მსჯავრდებული, დაღესტნელი ეროვნების მოქალაქე მიკაილ კადიევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს თბილისის სააპელაციო სასამართლოში უჩივის.
როგორც კადიევი ამბობს, მან 2013 წლის ივლისში თხოვნით მიმართა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭების შესახებ. თუმცა, 2014 წლის 16 იანვარს თხოვნაზე ოფიციალური უარი მიიღო. მსაჯვრდებულმა სამინისტროს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა.
თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა. კადიევმა სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის განხილვაც უკვე დაიწყო.
რატომ უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ უარია მიკაილ კადიევს, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან" აღნიშნული სამინისტროს სასამართლო წარმომადგენლობის სამმართველოს უფროსი, ლევან ბარდაველიძე ამბობს:
"ის ვერ ასაბუთებს თავისი წარმოშობის ქვეყანაში დევნისა და შესაძლო საფრთხის წყაროს. ჩვენ მტკიცებულებებს არ ვითხოვთ, არამედ ახსნა-განმარტებებს, გარემოებებზე მითითებით, ანუ თავისი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში რა საფრთხე შეიძლება შეექმნას. ის უთითებს კონფლიქტს, მხოლოდ ერთ კონკრეტულ პიროვნებასთან, რაც ლტოლვილის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძველი არ არის.
კადიევმა ვერ დაასაბუთა, ის რომ იგი რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ან იმ საპროტესტო აქციებთან იყო კავშირში, რომელიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ იყო მიმართული.
კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ლტოლვილის სტატუსზეა დამოკიდებული მისი რუსეთის ფედერაციაში ექსტრადაცია. რუსეთისთვის მისი გადაცემის შემთხვევაში შესაძლოა მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას.
ამასთან ჩამოყალიბებული პოზიცია არ გვაქვს, რადგან ჩვენს სამინისტროს ექსტრადაციის საკითხი არ ეხება. თუმცა, ლტოლვილის სტატუსის მინიჭიება ან არ მინიჭება არ არის დაკავშირებული მისი ექსტრადიციის საკითხთან. ამას სხვა უწყება იხილავს. ექსტრადაცია დევნას არ ნიშნავს.
გახდება თუ არ გახდება იგი ციხეში წამების მსხვერპლი ეს მეორე გარემოებაა. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილეს გაცემული აქვს დიპლომატიური გარანტია, რომ მას რუსეთის ფედერაციაში სამართლიან სასამართლოზე ხელმისაწვდმობა ექნება."
_თქვენ გჯერათ რუსეთის ფედედერაციის პროკურატურის დიპლომატიური გარანტიების?
_ ექსტრადაციასთან დაკავშირებით მე შეკითხვებს ნუ დამისვამთ. ეს საკითხი ჩვენი განხილვისა და გამოკვლევის თემა არ არის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ბრალდებას, მსჯავრდებულმა ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ იგი ადამიანის უფლებათა დამცველია და რუსეთის ფედერაციის მხრიდან იდევნება, მიკაილ კადიევის ადვოკატი მალხაზ პატარაია პასუხობს.
"ჩემი აზრით, სააპელაციო სასამართლოში ლტოლვილთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პოზიციას, პუტინის სურათი და ხელმოწერა აკლია. ჩვენ შევეცდებით, პუნქტობრივად ამ პოზიციების უარყოფას და იმ სამარცხვინო დოკუმენტის გაბათილებას, რომელიც აქ სასამართლოში დევს."
_ სამინისტორო აცხადებს – კადიევი ვერ ასაბუთებს იმას, რომ ის შესაძლოა ვინმეს მხრიდან დევნის მსხვერპლი გახდეს…
_ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ამის მრავალრიცხოვანი მტკიცებულებები არსებობს, სამინისტროს კადიევის არგუმენტები არ განუხილავს. ასე უნდა რუსეთს და ასე უნდა ჩვენს სამინისტროსაც. პირველი ინსტანციის სასამართლოშიც იგივეს ამბობდნენ. იგი უფლებათა დამცველია და დაღესტანში ადამიანის უფლებებს იცავს. კადიევი, დაღესტანში სარწმუნოებრივი ნიშნითა და აზრის გამოხატვისთვის იდევნებოდა. თუ მას ლტოლვილის სტატუსი არ მიანიჭეს და გააგზავენს საქართველოდან, ძალიან მძიმე ხვედრი ელოდება. რისი დიდი სურვილიც აქვს რუსეთის ხელისუფლებას.
ჩვენ შევეცდებით სასამართლოს წინაშე კადიევი წარმოვაჩინოთ როგორ ადამიანის უფლებების დამცველი პირი და ეს დავასაბუთოთ. მიკაილ კადიევის რუსეთისთვის გადაცემა არ შეიძლება_მოკლავენ! საზოგადოებას ექნება საშუალება დარწმუნდეს იმაში, რომ კადიევი უფლებადამცველია და რუსეთი მხრიდან იდევნება. ფურცელ-ფურცელ წარმოვადგენთ ამ მტკიცებულებებს.
მინდა კორექტული ვიყო, მაგრამ სამინისტრო წერს ასეთ რამეს, ექსტრადიციის შემთხვევაში კადიევი იქნება ციხეში სადაც სპეცსამსახურებს ხელი არ მიუწვდებათო. ასეთი სისულელეს დაწერა ან არგუმეტად მოყვანა შეიძლება?! მთელი მსოფლიო მაგნიცკის საქმეზე საუბრობს, რომელზეც ალბათ არაფერი სმენიათ ან წარმოაჩენენ თავს თითქოს არაფერი გაუგიათ. სპეცსამსახურებისთვის რუსული ციხე მიუწვდომელი არისო.
მეტიც, საამურად ცხოვრობენ მუსლიმები რუსეთში და არავითარი დევნა მათზე არ ხორციელდებაო. თითქოს ჩეჩნეთი არ ყოფილა, თითქოს ჩრდილოეთ კავკასიაში და დაღესტანში არაფერი მომხდარა. არაფერი არ ყოფილა.
ჰო, რუსეთი კადიევს ჩიტის რძეს არ მოაკლებს. გავიდეს საქართველოს ხელისუფლება აგერ ტრასაზე და ნახოს სულ რამდენიმე კილომეტრშია მოსული მავთულხლართები."