ვინ აპირებდა მიზანიმართულად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის დანაშაულებრივ საქმეში გახვევას და ვინ დგას ამის უკან?
რამდენიმე დღის წინ, ტაქსის მძღოლი გ.ლ. რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ცხემლისხიდში ცხოვრობს, შსს-ს გურიის სამხარეო პოლიციამ დააკავა.
საქმე ეხება ტაქსის მძღოლის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის, ერთ-ერთ საქმეში დახმარების სანაცვლოდ, ქრთამის მიცემას.
როგორც "გურია ნიუსს" რამდენიმე ტაქსის მძღოლმა განუცხადა, გ.ლ_ს შვილი, ფოთში, დაცვის პოლიციაში მუშაობს. მას უნდოდა, რომ მისი შვილი ფოთიდან ოზურგეთის დაცვის პოლიციაში გადმოეყვანა და ამას გამგებელს სთხოვდა.
"მისი შვილი ფოთში, დაცვის პოლიციაში მუშაობს. მას უნდოდა, რომ ფოთიდან ოზურგეთის დაცვის პოლიციაში გადმოეყვანა. ამის სანაცვლოდ, გამგებლის სახლში დალუქული კონვერტით 100 ლარი დაუტოვებია", _ ამბობენ ტაქსის მძღოლები "გურია ნიუსთან".
"გურია ნიუსის" წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით ქალაქ თბილისში, ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმყოფებოდა.
როცა სახლში დაბრუნდა, დალუქული კონვერტი დედამ გადასცა. როგორც კი მერაბ ჭანუყვაძემ ეს გახსნა და დანახა, რომ 100 ლარი იდო, მაშინვე აცნობა პოლიციას.
"გურია ნიუსის" ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი დაკავებულია და მას უკვე მისჯილიც აქვს 6 თვიანი პატიმრობა, ერთ წლიანი პირობითი სასჯელი და 3 წლით გამოსასწორებელი სამუშაოები.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის ინფორმაციით, რომელიც ანონიმურად დარჩენას ამჯობინებს, აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ გამგებელს "უჩალიჩებდნენ" ცუდ საქმეს და ამ ფაქტის უკან "ვიღაც" დგას.
აღნიშნულ ფაქტზე კომენტარისთვის ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც გვითხრა, რომ საქმეზე დაწყებულია გამოძიება და მივმართოთ შსს.
შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საქმეზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმე 339 მუხლის პირველი ნაწილით, პიროვნება კი დაკავებულია.