საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის სესიას დაესწრო, რომელზეც მოხდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება, რომელსაც 490 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 76 წინააღმდეგი იყო, 57-მა კი თავი შეიკავა.
„მინდა საქართველოს ყველა მოქალაქეს მივულოცო დღევანდელი რეზოლუციის მიღება, რადგან ეს რეზოლუცია საქართველოს უფრო ახლოს აყენებს ევროპის კავშირთან. შეთანხმების რატიფიცირება მინდა ასევე მივულოცო ჩვენს ევროპელ კოლეგებს, ევროპელებს, რადგან ევროპა ბევრად უფრო დაცული, უფრო განვითარებული, ბევრად უფრო დიდი პერსპექტივის მქონე რეგიონია საქართველსოთან ერთად. მე ამის მჯერა“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა ასოცირების შეთანხმების რატიფიციკაციის შემდეგ.
ევროპარლამენტის სესიას საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მათ შორის იყვნენ საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და ევროკავშირში საქართველოს ელჩი ნატალია საბანაძე.
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა. ამ დრომდე დოკუმენტის რატიფიკაცია მოხდა10 ქვეყანაში: ხორვატიაში, რუმინეთში, ბულგარეთში, ლიტვაში, ლატვიაში, მალტაში, სლოვაკეთში, ესტონეთში, უნგრეთსა და შვედეთში. დოკუმენტის რატიფიკაციას დღესვე მოხდა დანიაში. აღინიშნა ისიც, რომ ევროპარლამენტის მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაცია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის გახდება დამატებითი სტიმული, რათა საკუთარ სახელმწიფოებში დააჩქარონ ამ დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი.