თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, უწყების მიერ გავრცელებული სკანდალური განცხადების საბოლოო ტექსტი სამინისტროს ხელმძღვანელობასთან არ შეთანხმებულა:
_ ეს იყო შეცდომა, თუმცა შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის. ჩვენ ამ შეცდომას ვხედავთ და ვაღიარებთ. არ გამოვრიცხავ, ასეთი შეცდომა იყო დაშვებული გარკვეულ ემოციურ ფონზე, რადგან ამ განცხადების შედგენის დროს გაირკვა, რომ გარდაცვლილი ქართველი ალექსანდრე გრიგოლაშვილი დათხოვნილი იყო შეიარაღებული ძალებიდან 2008 წელს, ყოფილი ხელისუფლების დროს, __ განაცხადა ღირისიაშვილმა ტელეკომპანია იმედის პირდაპირ ეთერში.
მინისტრის მოადგილეს არ დაუკონკრეტებია ვისი შეცდომის გამო გამოქვეყნდა განცხადება, რომელმაც საზოგადოების უმრავლესობა აღაშფოთა:
_ ეს იყო გარკვეული შეცდომა, ხარვეზი, თავდაცვის სამინისტროს მხრიდან და ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას. რაც შეეხება იმას, ვინ დაწერა ტექსტი – მომზადდა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიერ. მთლიანი ტექსტი მინისტრთან შეთანხმებული არ ყოფილა იმ სახით, რა სახითაც იხილა ეს საზოგადოებამ. შესაბამისად, ვინაიდან ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ ეს არის შეცდომა და ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, კითხვა – რატომ გაქრა ტექსტი ვებ-გვერდიდან, პასუხგაცემულია. ეს იყო ტექნიკური შეცდომა, ხარვეზი, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, გარდაცვლილის ოჯახს, _ დასძინა ღირსიაშვილმა.
ამავე თემაზე: სამინისტრო გრიგოლაშვილის გარდაცვალების გამო პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს; პოლიტიკური პარტნიორები თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ; "თავმოყვარე ქვეყანამ, მტერთან ბრძოლაში ნებისმიერ ადგილას დაღუპული, ღირსეულად უნდა იგლოვოს"; კახა კოჟორიძე: "ეს მორიგი, მაგრამ არა რიგითი სირცხვილია!"; ირაკლი ღარიბაშვილი: "თავდაცვის სამინისტრო არ უნდა აკეთებდეს მსგავს განცხადებას"; თავდაცვის მინისტრის ბოდიში, ან უვადო შიმშილობა – ენმ-ს ოზურგეთის ორგანიზაციის განცხადება