იმ 30-მდე ფილმიდან, რომელშიც ცნობილი ამერიკელი მსახიობი მერილინ მონრო თამაშობდა, არც ერთს არ დაუმსახურებია ამერიკის კინოაკადემიკოსთა ოდნავი მოწონებაც კი.
მერილინი 36 წლის ასაკში ისე გამოემშვიდობა კინოეკრანსა და ამ ქვეყანას, რომ ერთხელაც არ დასწრებია „ოსკარების“ გადაცემის საზეიმო ცერემონიალს. ამ დღესასწაულზე მისთვის ადგილი არასოდეს მოიძებნა, თუმცა მონრო მეოცე საუკუნის შუა ხანების ყველაზე პოპულარული ქალი გახლდათ.
ამერიკელი კინოაკადემიკოსები მას ჰოლივუდის ერთ-ერთ ვარსკვლავად კი მიიჩნევდნენ, მაგრამ ფილმებში მსახიობისგან დრამატიზმის გამოვლენას მოითხოვდნენ. ამ დროს მონრო უბრალოდ მუსიკალური კომედიის იდეალური მსახიობი გახლდათ და არა ტრაგიზმით და დრამატიზმით სავსე ანა მანიანი.
მერილინს არაერთ ცნობილ კინოსურათში უთამაშია: „ყველაფერი ევას შესახებ“, „ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან“, „ჯენტლმენები ქერათმიანებს ამჯობინებენ“, „ავტობუსის გაჩერება“, „ბრილიანტები ქალიშვილების საუკეთესო მეგობარია“, „ნიაგარა“, „ასფალტის ჯუნგლები“, „როგორ გათხოვდე მილიონერზე“. სამწუხაროდ არც-ერთი ეს სურათი „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენილი არ ყოფილა.
მსახიობს ვერც იმან უშველა რომ ცნობილ კინორეჟისორებთან ბილი უაილდერთან, ჯორჯ კიუკორთან და ჯონ ჰიუსტონთან მოუწია მუშაობა. მას პარტნიორობას თვით ჯეკ ლემონი, ტონი კერტისი, კლარკ გეიბლი, ივ მონტანი და ლოურენს ოლივიე უწევდნენ.