"საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია" ეხმაურება ბოლო დროს საქართველოში ტელეკომპანია „მაესტროდან“ და „TV3“ – დან თანამშრომელთა მასობრივ დათხოვნებს და მზადყოფნას გამოთქვამს იურიდიული დახმარება აღმოუჩინოს კოლეგებს და საჭიროების შემთხვევაში იტვირთოს მედიატორის როლი დამქირავებლებსა და დაქირავებულებს შორის.
ამასთან, „საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ და საქართველოში დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნის საინიციატივო ჯგუფი მოუწოდებს დამქირავებლებს დაიწყონ მოლაპარაკებები თანამშრომლებთან და ამ გზით მოხდეს არსებული პრობლემის მოგვარება.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ და საინიციატივო ჯგუფი ბოლომდე დაიცავს თითოეული ჟურნალისტის უფლებას ნებისმიერ მედია-ორგანიზაციაში. ჩვენი ორგანიზაცია საერთაშორისო ფედერაციასთან ერთად, რომელიც მდებარეობს ბრიუსელში, ყოველდღიურად მიადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს ოპერატიული რეაგირებისათვის.
„საქართველოს ჟურნალისტთა დამოუკიდებელი ასოციაცია“ „ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციასთან“ ერთად ევროკავშირის მხარდაჭერით, ახორციელებს რეგიონული მასშტაბის 3-წლიან პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიაში მედიისა და ჟურნალისტების სოლიდარობის ინსტიტუტის განვითარება-გაძლიერებას და საბოლოოდ დამოუკიდებელი მედია-პროფკავშირების შექმნას.
განცხადების ასლი გადაეგზავნა ბრიუსელში, ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) ხელმძღვანელობას.